ნიუ დელიში ინდოეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

13:33, 01.11.2026

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. აქტივისტები ინდოეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ბოლო დროს ქვეყანაში გატარებული საარჩევნო რეფორმები პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტიის“ სასარგებლოდ მოქმედებს.

„როიტერის“ ცნობით, ინდოეთის ხელისუფლებამ დემონსტრაციის წინ ათასობით პოლიციელი განათავსა, რომლებიც ხელკეტებითა და ფარებით იყვნენ შეიარაღებული. მედია წერს, რომ ინდოეთის საარჩევნო სისტემის ცვლილებამ, შესაძლოა, 130 მილიონზე მეტი ადამიანი არჩევნებს მიღმა დატოვოს.

ცნობისთვის, ინდოეთის საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიების განახლება შეცვალა „სპეციალური ინტენსიური გადასინჯვით“, რომლის ფარგლებშიც კომისიის თანამშრომლები სახლებში დადიან, ამომრჩევლები აღრიცხვის ფორმას ავსებენ, მოქალაქეებმა თავად უნდა დაადასტურონ ასაკი და მოქალაქეობა, რაც ადრე საჭირო არ იყო. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წარმომადგენლები მოქალაქეებს შესავსებ ფორმას ვერ გადასცემენ ან ამომრჩევლები საბუთებს ვერ წარადგენენ, მათ სიიდან ამოიღებენ. ამასთან, მილიონობით პირი, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი და საბუთები არ აქვს, სავარაუდოდ, არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებს. ინდოეთის საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ ღონისძიება მიზნად ისახავს ხმის რამდენჯერმე მიცემის პრევენციას და საარჩევნო სიებიდან გარდაცვლილთა წაშლას.

მსგავსი