არველაძის ფონდმა პანკისის ხეობაში საფეხბურთო ტურნირი გამართა #1TVSPORT
არველაძის ფონდმა პანკისის ხეობაში საფეხბურთო ტურნირი გამართა #1TVSPORT

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით სპორტულ-საგანმანათლებო პროექტის, „მომავლის ჩემპიონების“ ფარგლებში „ფონდი არველაძის“ ხელმძღვანელები პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ესტუმრნენ.

ფონდისა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელების ორგანიზებით, ჯოყოლოს, ომალოსა და ახმეტის საფეხბურთო გუნდებს შორის მინიფეხბურთის ტურნირი გაიმართა, მოზარდებსა და მწვრთნელებს კი სპორტული ეკიპირება და ბურთები გადაეცათ.

პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტი სოციალურ მეწარმეობას მოიცავს და გაზაფხულიდან აქტიურ რეჟიმში ამოქმედდება. მოზარდები ცოდნას არაერთი მიმართულებით გაიღრმავებენ, რაც ადგილობრივების საზოგადოებაში ინტეგრაციას და სოციალურ პროექტებში ჩართულობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

კახეთის მხარის გარდა, პროექტი „მომავლის ჩემპიონები“ მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება. ქედაში, ხულოსა და შუახევში მოზარდებისთვის ანალოგიური, უფასო საფეხბურთო სკოლები გაიხსნა და მათთან ადგილობრივი მწვრთნელები სისტემატიურად იმუშავებენ. პროგრამის დაწყებამდე ექვსივე გუნდის მწვრთნელი ფონდის სპეციალური პროგრამით გადამზადდა.

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრისა და „ფონდი არველაძის“ ერთობლივი პროექტი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან, მწვანე სექტორსა და Impact Hub Tbilisi-სთან პარტნიორობით და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.