„ფონდი არველაძე“ - საფეხბურთო პროექტი „ლეგენდების ტური“ იწყება, პირველი უცხოური გრანდი შემოდგომაზე გვეწვევა #1TVSPORT
„ფონდი არველაძე“ - საფეხბურთო პროექტი „ლეგენდების ტური“ იწყება, პირველი უცხოური გრანდი შემოდგომაზე გვეწვევა #1TVSPORT

შოთა არველაძის იდეა შემოდგომაზე განხორციელდება და „ლეგენდების ტური“ დაიწყება, – ინფორმაციას „ფონდი არველაძე“ ავრცელებს.

„შოთა არველაძისა და ჩვენი ფონდის ინიციატივით, საქართველოში საფეხბურთო პროექტი „ლეგენდების ტური“ დაიწყება. პირველი უცხოური გრანდი ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებთან ითამაშებს.

გვინდა, რომ პირველი მატჩი ერთ-ერთ რეგიონში ჩავატაროთ. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და მატჩის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – წერია „ფონდი არველაძის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი და ახალი პროექტის წამოწყება დააანონსა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სურვილია, საქართველოში სეზონში, მინიმუმ, ერთხელ ჩატარდეს მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ უახლოესი მატჩი ერთმანეთის გამხნევებისა და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეისა და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება“, – წერდა შოთა არველაძე.