„ფონდ არველაძესა“ და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT
ძმები არველაძეების ფონდსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ოფიციალურად გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, – ინფორმაციას ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ჩვენს ფონდს შორის ოფიციალურად გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩავატარებთ სხვადასხვა სახის კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
ეროვნული ბიბლიოთეკა და „ფონდი არველაძე“, ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთად მოაწყობენ რეგიონულ წიგნის ბუდეებს. ამასთანავე, გიორგი კეკელიძესა და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მოეწყობა აქტივობები, რომლებიც ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში წიგნის გავრცელებასა და კითხვას შეუწყობს ხელს“, – წერია ფონდის გავრცელებულ ცნობაში.
აქვე ვიტყვით, რომ ფონდის თანადგომით მალე ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც არაერთ ისტორიასა და საფეხბურთო ამბავს აერთიანებს. წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ მოამზადა და ივნისის მეორე ნახევრიდან გაიყიდება.