არმაზ ახვლედიანი - რამდენიმე დღეში ისეთი რამ ახლოვდება, გარემოში ამ მოახლოებული სიხარულის სურნელი ტრიალებს
არმაზ ახვლედიანი - რამდენიმე დღეში ისეთი რამ ახლოვდება, გარემოში ამ მოახლოებული სიხარულის სურნელი ტრიალებს

რამდენიმე დღეში ისეთი რამ ახლოვდება, გარემოში ამ მოახლოებული სიხარულის სურნელი ტრიალებს, – განაცხადა პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ბატონო თავმჯდომარევ, ქალბატონებო, ბატონებო. სულ რამდენიმე დღეში ისეთი რამ ახლოვდება, გარემოში ამ მოახლოებული სიხარულის ისეთი სურნელი ტრიალებს, რომ მეჩვენება, ახლა რაზეც უნდა ვისაუბრო ამ სამ-ნახევარი წუთის განმავლობაში, შეიძლება, უხერხულიც კი იყოს. მაგრამ, მხოლოდ ის მაბედინებს ამის თქმას, რომ უნდა ვისაუბრო ადამიანზე და უნდა ვისაუბრო ჩემს სამშობლოზე, თქვენსა და ჩემს სამშობლოზე. ამიტომაც გავბედავ და ვიტყვი – რასაც მკაფიოდ ვხედავ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ვარ ჩართული, ვხედავ იმას, რომ უკაცრავად, მაგრამ ერთი დიდი და უსაშველო უკულტურობაა, როცა სხვისი გათვალისწინება ადამიანს არ შეუძლია, ამას არაფერი სხვა არ ჰქვია, თუ არა უკულტურობა. მე კარგად ვხვდები, რამდენი შანსი გაუშვა ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველომ, რომ მოგვეხერხებინა სხვისი გათვალისწინება, სხვისი გათვალისწინება მაშინ, როცა შენ მიერ სხვის გათვალისწინებას აზრი და ფასი აქვს, თორემ მერე, როცა გადადგები; მერე, როცა დაგემშვიდობებიან; მერე, როცა წახვალ და ამ სკამს სხვა დაიკავებს, ამას ფასი ნაკლები აქვს, ძვირფასო მეგობრებო. არ იფიქროთ, ახლა თქვენკენ რომ ვიყურები, მაინც და მაინც, თქვენ გგულისხმობთ, არა, ბევრ სხვასაც, წარსულში და იქნებ მომავალშიც. ჩემი დღეს აქ შემოსვლის ერთადერთი ახსნა, ერთადერთი გამართლება ისაა, რომ მინდა, ყველასთან ერთად, ვისაც ეს სურვილი ამოძრავებს მოვახერხოთ, რომ საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოოდ დასრულდეს დრო, როცა სხვისი გათვალისწინება პოლიტიკაში მოსულთ არ შეგვიძლია. იქნება ეს ოპოზიციონერი, თუ უბრალოდ სხვა ადამიანი. მედიის წარმომადგენელი, თუ თუნდაც დამნაშავე.

კულტურის სამინისტრო ხომ გვაქვს საქართველოში. ზოგჯერ მგონია, რომ წლების განმავლობაში ეს სამინისტრო თეატრებისა და კინოს სამინისტროა. მაგრამ კულტურა კიდევ სხვა რამ არის, მოგეხსენებათ, განფენილი რამ არის. კულტურა არის ასევე სხვისი გათვალისწინების კულტურა, უარის თქმის კულტურა. მე ძალიან მინდა, რომ ხვალ თუ არა ზეგ, საქართველოში შევქმნათ, არც კი მინდა, ვთქვა, რომ შეიქმნას, რადგანაც თავისთავად, ძალისხმევის გარეშე, ის ვერ შეიქმნება. შეიქმნას გარემო, სადაც იქნებიან ისეთი პოლიტიკოსები არჩეული საკრებულოებში, პარლამენტში, ვისაც შეუძლია, დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა და ვის წესიერებაზეც არ იქნება მხოლოდ დამოკიდებული ის, მოიპარავს თუ არ მოიპარავს, არამედ სისტემურად იქნება ეს მოგვარებული. ასე რომ, ძირეული რეფორმების და ცვლილებების დრო დგება“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.