არგენტინაში პატიმრებმა არეულობა მოაწყვეს და ამბობენ, რომ ციხეში კორონავირუსით სიკვდილი არ უნდათ
არგენტინაში პატიმრებმა არეულობა მოაწყვეს და ამბობენ, რომ ციხეში კორონავირუსით სიკვდილი არ უნდათ

არგენტინაში მსჯავრდებულებმა ციხეში არეულობა მოაწყვეს. ბუენოს აირესში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრებმა შენობის სახურავზე ასვლა მოახერხეს და ცეცხლი გააჩინეს. ამბოხის მონაწილეები ხელისუფლებას მათ გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რადგან, მათი თქმით, არ სურთ ციხეში „კოვიდ-19“-ით სიკვდილი.

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ამბოხში ათობით პატიმარი მონაწილეობდა. მათ ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატებთან ერთად ჯოხები, ბორკილები და იარაღი ეჭირათ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საპატიმროში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ვერტმფრენი. ისმოდა სროლის ხმაც.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 680 პატიმარი იმყოფება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

არგენტინაში სულ კორონავირუსი 3 435 ადამიანს დაუდასტურდა. 167 ადამიანი გარდაიცვალა.