არჩილ თალაკვაძე - ზოგიერთი პარტიის სავიზიტო ბარათი აგვისტოში მოსკოვში გაგზავნილი წერილებია, ზოგიერთის კი, დანა-ჩანგალი
არჩილ თალაკვაძე - ზოგიერთი პარტიის სავიზიტო ბარათი აგვისტოში მოსკოვში გაგზავნილი წერილებია, ზოგიერთის კი, დანა-ჩანგალი

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია, – ასეთი განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების საპასუხოდ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომზე ცალსახაა – აგრესორი არის რუსეთი.

„ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია. სალომე ზურაბიშვილს საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში აქვს განსაკუთრებული დამსახურება. ჩვენი და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომზე ცალსახაა – აგრესორი არის რუსეთი. საქართველო გააგრძელებს განვითარებას და წინსვლას. ჩვენ გვაქვს ბევრი საქმე შემოდგომაზე, მათ შორის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს გააკეთეს განცხადებები სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი, როგორც პუტინის კანდიდატი, ამ ქვეყანაში ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ხოლო „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო აგრესორია.

დატოვე კომენტარი