ნიკა მაჭუტაძე - სალომე ზურაბიშვილი, როგორც პუტინის კანდიდატი, ამ ქვეყანაში ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი
ნიკა მაჭუტაძე - სალომე ზურაბიშვილი, როგორც პუტინის კანდიდატი, ამ ქვეყანაში ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი, როგორც პუტინის კანდიდატი, ამ ქვეყანაში ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, – ეს განცხადება „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.

მისი თქმით, ზურაბიშვილი აცდენილია ქართულ სასიცოცხლო აუცილებლობას, რაც გულისხმობს დეოკუპაციასა და სუვერენიტეტს იმ პროცესების მიმართ, რაც ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს.

„ჩემთვის მთავარია არა ასეთი ელექტორალური ციფრობრივი და რიცხობრივი წინასწარმეტყველებები, არამედ შინაარსები, რომელსაც წარმოადგენს ქალბატონი ზურაბიშვილი საქართველოს საზოგადოებრივი პოლიტიკური სინამდვილის წინაშე. ეს სინამდვილე ნამდვილად არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ საჭიროებებსა და ინტერესებს. ქალბატონი ზურაბიშვილი აცდენილია ქართულ სასიცოცხლო აუცილებლობებს, რაც გულისხმობს დეოკუპაციასა და სუვერენიტეტს იმ პროცესების მიმართ, რაც ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს, იმ ქვეყანაში, რომელიც ოკუპირებულია“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

მისი თქმით, „მმართველი გუნდის მხარდაჭერა ამხელს გუნდის ანტისახელმწიფოებრივ პრორუსულ და არასერიოზულ დამოკიდებულებებს ოკუპაციის, ქართული სუვერენიტეტისა და ქართული დემოკრატიის მიმართ“.

„ეს ქალბატონი არ გახლავთ დამოუკიდებელი კანდიდატი. ის არის ივანიშვილის კანდიდატი, რუსული ნარატივის კანდიდატი, ვინაიდან თავის თავსა და პოლიტიკურ იდენტობას ამხელს იმ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, რომლითაც უკანასკნელი ათი წელიწადია, ხასიათდება. სალომე ზურაბიშვილი, როგორც პუტინის კანდიდატი, ამ ქვეყანაში ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა მაჭუტაძემ.