დავით ბაქრაძე - დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო აგრესორია
დავით ბაქრაძე - დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო აგრესორია

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბაქრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქვეყნისთვის საზიანოა.

„ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთხელ ღიად და საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და მას ჰყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ტერიტორიაზე ომის დაწყებაში.

ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ წაშალა გამყოფი ხაზი, რომელიც აქამდე გადიოდა პარტიულ სიმპათიაზე და პარტიულ ინტერესზე. დღეს წყალგამყოფი არ არის პარტიის სიმპათია, დღეს წყალგამყოფია ქართული სახელმწიფო ინტერესი. გვინდა თუ არა ქართველებს, რომ პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც ჩვენ საკუთარ სამშობლოს აცხადებს აგრესორად“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.