არჩილ თალაკვაძე - ვნახოთ, როგორ დააკომპლექტებს გუნდს ჯანდაცვის ახალი მინისტრი
არჩილ თალაკვაძე - ვნახოთ, როგორ დააკომპლექტებს გუნდს ჯანდაცვის ახალი მინისტრი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადმინისტრირების სფეროში მუშაობდა და მას შესაბამისი გამოცდილება აქვს.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, ჯანდაცვის ახალ მინისტრს წილად ხვდა რეფორმების საკმაოდ რთული პაკეტი, რომელიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოებას, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ადამიანური რესურსის განვითარებას ჯანდაცვის სფეროში.

„როგორც იცით, ჯანდაცვის მინისტრს შესაბამისი მიმართულებებით მოადგილეები ჰყავს, ვნახოთ, ახალი მინისტრი გუნდს როგორ დააკომპლექტებს. რაც შეეხება იმას, თუ ვისი საკადრო გადაწყვეტილებაა, ეს არის შეჯერებული გადაწყვეტილება”, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად ინიშნება.