არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო
არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ყველაფერი გააკეთა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, კონსორციუმმა და ინვესტორებმაც უნდა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები.

„სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. აქ არის საუბარი ვადების რამდენჯერმე გადაწევაზე, შესაბამისად, სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატა ამ პროექტის მისამართით. აქ დარჩენილია მეორე მხარე, რომ კერძო სექტორმა, კონსორციუმმა და ინვესტორებმა შეასრულონ თავისი ვალდებულებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ის ელოდება, რომ საკითხზე იქნება ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც მოემსახურება პროექტის ინტერესებს.

„მე არ მომისმენია ასეთი განცხადება კონსორციუმის მხრიდან, რომ ისინი აღარ აპირებენ არანაირი დოკუმენტის წარდგენას და არაფრის გაკეთებას. თუ ისინი ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ძალიან სამწუხაროა. სახელმწიფო ამ პროექტის განხორციელებას მაქსიმალურად უჭერდა მხარს. მომავალშიც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. თუ კონსორციუმს რეალურად ჰქონდა თავისი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა, ეს უნდა გაეკეთებინა. თუ ამას აპირებს მომავალში, ამაზეც შესაბამისი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სახელმწიფოს. მე მოველი, რომ ისეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც მოემსახურება პროექტის ინტერესებს და თუ კონსორციუმს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულება შეასრულოს, ამის საშუალება რომ მიეცეს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება მომავალშიც მზადყოფნას გამოთქვამს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებაში, იმ ვადების მიხედვით, როგორც ეს თავიდან იყო გაწერილი

„ხელისუფლებას რაც სთხოვეს, ამ პროექტთან მიმართებაში რომ გაეკეთებინა, ყველაფერი სახელმწიფომ გააკეთა და მომავალშიც მზადყოფნას გამოთქვამს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებაში, იმ ვადების მიხედვით, როგორც ეს თავიდან იყო გაწერილი. ვინც ვალდებულებები ვერ შეასრულა, სამწუხაროდ, ეს არის კონსორციუმი. ამიტომ აქ ჩაშლაზე ვერ იქნება საუბარი, აქ ლაპარაკია ვალდებულების შესრულება როდის იქნება. მოქალაქეებს აინტერესებთ ერთადერთი, როდის უნდა შეესრულებინა და შეასრულა თუ არა კონსორციუმმა ვალდებულებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ აცხადებენ, რომ ისინი მთავრობისთვის დღეს არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებენ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, თუ მთავრობა ხელშეკრულებას გაწყვეტს, აღნიშნულ პროექტში მაღალი რეპუტაციის მქონე არც ერთი ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას.

დატოვე კომენტარი