არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა გიორგი კვირიკაშვილის დიდი ხნის ინიციატივაა
არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა გიორგი კვირიკაშვილის დიდი ხნის ინიციატივაა

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კიდევ უფრო ეფექტური გახდება და პოლიტიკურ პროცესებს გააჯანსაღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სახელისუფლებო ცვლილებები არ იგეგმება.

„ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს პარტია „ქართულ ოცნებას“. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის ყრილობაზე წარვადგენთ. ველოდები, რომ პარტიის ყრილობა ამ გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერით დაამტკიცებს. ეს იყო გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ. მან რამდენიმე კონსულტაცია გამართა ბიძინა ივანიშვილთან. როგორც იცით, ჩვენც, საპარლამენტო უმრავლესობიდან პარტიის ლიდერები მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით პარტია გახდება კიდევ უფრო ეფექტური და გააჯანსაღებს პოლიტიკურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს. სხვა სახელისუფლებო ცვლილებები არ იქნება. პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს წარმატებით იმ საქმეს, რომელიც დაწყებული აქვს. პარლამენტი ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით ასევე სრულად დაუჭერს მხარს იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ჩვენ გვაქვს მიცემული საზოგადოებისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პარტიის შიგნით კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა დღეს ამაზე მსჯელობა არ ყოფილა.

 „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს თავად შესთავზა, პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.