არჩილ გორდულაძე – საქართველოს შესახებ კაია კალასის განცხადებები მტრული და სამარცხვინოა, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას
ვიდრე კაია კალასი საქართველოს შესახებ განცხადებას გააკეთებს, სჯობს, „ლელოსა“ და ალეკო ელისაშვილს გაემიჯნოს, რომელიც ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაშია მსჯავრდებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შესახებ კაია კალასის განცხადებები მტრული და სამარცხვინოა.
„სამარცხვინოა, როდესაც წარმოდგენა არ გაქვს გეოგრაფიაზე, პოლიტიკურ ვითარებაზე და სხვისი მითითებით ცდილობ, ქვეყანას და ამომრჩევლის არჩევანს თავს დაესხა. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას. რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონზე თანამშრომლობას, წესით, ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს მიმართ პრაგმატული მიდგომა უნდა ჰქონდეთ, რადგან ქვეყანას, განსაკუთრებით შუა დერეფანში, მნიშვნელოვანი როლი აქვს. შეუძლებელია, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განხორციელება საქართველოს ჩართულობის გარეშე მოხდეს. ვხედავთ, ევროკავშირის მხრიდან პრაგმატული ნაბიჯები არ იდგმება. ცდილობენ, თავიანთი ეკონომიკაც კი დაანგრიონ“, – განაცხადა არჩილ გორუდლაძემ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა: „საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.