კაია კალასი – საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე საქართველოს შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა.
კალასის თქმით, იყო დისკუსიები იმის შესახებ, როგორ შეიძლება, ეს საუკეთესოდ გაკეთდეს, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს.
„შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. სხვადასხვა ქვეყნები შავი ზღვის გარშემო, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია, ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს“, – განაცხადა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საბჭოს სხდომაზე, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხის პარალელურად, დიპლომატები განიხილავენ „ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ“.