„არარატ-არმენიას“ მთავარი მწვრთნელი - „საბურთალოს“ არ გავუკვირვებივარ
თურმე, არსებობს ქვეყანა, სადაც ფიზიკურად მოთამაშეებს უარესად ამზადებენ, ვიდრე საქართველოში, – განაცხადა „არარატ-არმენიას“ მთავარი მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა.
ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე „საბურთალოსთან” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის წაგების (1:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე „არარატ-არმენიას” მთავარმა მწვრთნელმა წაგება გუნდის ფიზიკურ მდგომარეობას დააბრალა, მეტოქეზე კი, ბევრი არაფრის თქმა არ ისურვა.
„თამაშის დასაწყისში ბურთს ჩვენ გავაკონტროლებდით და უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ მეორე ტაიმში, 65-70 წუთის შემდეგ გუნდს ფუნქციონალური პრობლემები დაეტყო და ერთმანეთის მიყოლებით ორთაბრძოლების წაგება დავიწყეთ. აქედან დაიწყო მეტოქემ გოლების გატანა. ამ დროს, საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება და იქ მონაწილე გუნდები ტონუსში არიან. ასევე არის მეორე ფაქტორიც, პირველ ტაიმში შეტევაზე ბევრი ენერგია დავხარჯეთ. მეტოქე ევროპულ სარბიელზე გამოუცდელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას დაახლოებით 20 წლის ისტორია აქვს, ჩვენ კი, ბევრად ახალი კლუბი ვართ. გარდა ამისა, ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ და მათ კარგ დონეზე სათამაშოდ დრო სჭირდებათ, თუმცა, ჩვენს მოწინააღმდეგეს სულაც არ გავუკვირვებივარ. ჩვენ ვნახეთ ის თამაში, რასაც ველოდით“, – ამბობს მინასიანი.
ერევნელთა მთავარ მწვრთნელს „საბურთალოს“ მოთამაშის, ელვინ ტერას შესახებაც დაუსვეს კითხვა, რომელიც სავიზო პრობლემების გამო სომხეთში მხოლოდ მატჩის დღეს შეუშვეს.
„მან (ელვინ ტერამ) ერევანში სავიზო პრობლემების გამო დროულად ჩამოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ, ეს საკითხი მოგვეგვარებინა. იმედია, განმეორებით შეხვედრაში ჩვენ არც ერთ მოთამაშეს მსგავსი პრობლემა არ შეექმნება“, – განაცხადა მინასიანმა.