„საბურთალოს“ პრეზიდენტი უეფა-ს გამოძიების დაწყებას თხოვს - ბოდიში გულშემატკივარს და საქართველოს, ჩვენ მათ წინაშე ვალში ვართ
„საბურთალოს“ პრეზიდენტი უეფა-ს გამოძიების დაწყებას თხოვს - ბოდიში გულშემატკივარს და საქართველოს, ჩვენ მათ წინაშე ვალში ვართ

„არარატ-არამენიასთან“ თბილისური მატჩის წაგების შემდეგ, კომენტარი „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა –

„ჩვენ არ გვქონდა უფლება, ეს იმედი არ გაგვემართლებინა – ხალხს გული უზომოდ ვატკინეთ და წლები დაგვჭირდება, ეს სირცხვილი რომ ჩამოვიშოროთ. რაც მოხდა, ამისთვის გულშემატკივრებს და საქართველოს ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ეს უპირველესად ჩვენთვის იყო დიდი დარტყმა. მესმის კრიტიკა და კითხვები, შემადგენლობაზე. რატომ არ გავძლიერდით. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, რომ შემდგომში მსგავსი რამ არ განმეორდეს“, – ამბობს ხეჩიკაშვილი.

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა კომენტარი მატჩის შემდეგ აგორებულ ჭორებზეც გააკეთა, თითქოს, კლუბმა „არარატ-არმენიასთან“ გარიგებული თამაში ჩაატარა. მისი თქმით, ამის შესახებ უეფა-ს ოფიციალური წერილით მიმართავს.

„ერთ მხარესაა უეფა-ს უდიდესი ბონუსები, რაც ჩვენს ბიუჯეტს საგრძნობლად გაზრდიდა და მეორეს მხრივ ჩაწყობილი თამაშები. არც ერთი ჭკუათმყოფელი უეფა-ს ბონუსებზე უარს არ იტყვის. მაგრამ ჩვენ ამ ცილისწამებით ერთ დღეში ხაზი გადაგვისვეს. ყველა კითხვა რომ მოიხსნას, მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით და ხვალ უეფა-ს შესაბამის ორგანოებს მივმართავ, რომ დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და გადაამოწმონ ეს ინფორმაცია. ფედერაციის ძველ ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ჩვენი პატიოსნება ეჭვქვეშ მათაც არ დაუყენებიათ და არავის აქვს უფლება, მსგავსი რამ დაგვაბრალოს“, – აცხადებს ხეჩიკაშვილი.

მისი თქმით, კლუბში ცვლილებები იგეგმება –  „ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმ სირცხვილსა და ტკივილზე, რაც ამ მატჩით ქართველ ხალხს მივაყენეთ. თბილისში სამიდან ერთი მატჩიც რომ ვერ მოვიგეთ. აქედან ყველამ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ხვალ შევიკრიბებით და ცვლილებები ყველა დონეს შეეხება, სადაც საჭიროა, რომ კლუბი უფრო წარმატებული იყოს. ფაქტია, რომ ამ წაგების გამო ხალხს კი გული ასე ვატკინეთ და გულშემატკივრებთან და საქართველოს წინაშე ვალში ვართ, რომლის გადახდაც დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს. ამიტომ რა ცვლილებებიც საჭიროა, განვახორციელებთ“.