ავსტრალიელ ჩოგბურთელს, ნიკ კირგიოსს კონფლიქტი აქვს „დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონთან, გერმანელ ბორის ბეკერთან.
ეს უკანასკნელი გამოექომაგა თავის თანამემამულე ალექსანდრ ზვერევს მას შემდეგ, რაც კირგიოსმა გერმანელი კარანტინის წესების დარღვევისთვის და წვეულებაზე დასწრებისთვის გააკრიტიკა.
„არ მიყვარს ვირთხები! არ მომწონს, როცა ვიღაც აძლევს სკუთარ თავს უფლებას, თავს დაესხას სხვა სპორტსმენებს. ფიქრობ, რომ ჩვენზე უკეთესი ხარ? ჯერ საკუთარ თავს შეხედე“, – დაწერა ბეკერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
გარკვეული დროის შემდეგ, კირგიოსმა უპასუხა ბეკერს:
„ღმერთო, ბორის, არავის ვეჯიბრები და არ ვცდილობ ვინმე დავაღალატო. დღეს პანდემია მძვინვარებს და თუ ვინმე ისე იდიოტურად მოიქცევა, როგორც საშა, მინდა, რომ მან ამაზე პასუხი აგოს. ეს არის და ეს“.
ალექსანდრ ზვერევი ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებული იმ ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე იყო, სადაც კორონავირუსი გავრცელდა. თავად გერმანელის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა ორკვირიან თვითიზოლაციაში წასვლა. თუმცა, ჩოგბურთელმა დაარღვია კარანტინი და მონტე კარლოში წვეულებას დაესწრო, რითაც კირგიოსის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.