აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ტორტი მიიტანეს
აქციის მონაწილე აქტივისტებმა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ტორტი მიიტანეს, ანთებული სანთლებისა და შუშხუნების ფონზე დაბადების დღის მილოცვის სიმღერა შეასრულეს.
აქციის მონაწილის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ტორტზე არსებული უცენზურო წარწერა იუბილარის, ვლადიმერ პოზნერის მისამართით გაკეთდა. აქციის მონაწილეებმა შეძახილებით კიდევ ერთხელ მოუწოდეს ჟურნალისტსა და მის სტუმრებს საქართველოდან წასვლისკენ.
ამასთან, ოპოზიციის მხარდამჭერები სასტუმროდან გამოსულ ავტომანქანებს კვერცხებს ესვრიან.
აქტივისტები სასტუმრო „რუმსის“ ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი ინფორმაციით, პოზნერი და მისი სტუმრები საქართველოს დღეს დატოვებენ. მათივე თქმით, ისინი საქართველოდან ჩარტერული რეისით გაფრინდებიან.
რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლა აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. თავდაპირველად აქცია გაიმართა სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც ჟურნალისტი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.
ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.
აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
ამასთან, ვლადიმერ პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოდან უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრე წავიდეს.
