ანტარქტიდაზე ნაპოვნი ნამარხი, რომელიც 40 წელი უჯრაში ინახებოდა, დინოზავრის ძვალი აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება

12:39, 01.07.2026

ნამარხი, რომელიც მთელი 40 წელი უჯრაში იდო, როგორც ჩანს, ანტარქტიდაზე აღმოჩენილი დინოზავრის პირველი ძვალია.

1985 წელს, ორმა მეცნიერმა მთელი ზაფხული ჯეიმს როსის კუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე გაატარა ქანების შრეების აღრიცხვაში, ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის ექსპედიციის ფარგლებში.

ქანების ჩხრეკისას, ამ ორმა მკვლევარმა — ბრიტანელმა გეოლოგმა მაიკლ ტომსონმა და გერმანელმა გეოლოგმა და პალეონტოლოგმა რაინჰარდ ფერსტერმა რამდენიმე ნამარხი იპოვეს.

ფიქსირდებოდა უხერხმელოებისა და მცენარეების კვალი; ძვლიანი თევზის ქერცლები; და დიდი მალა, რომელიც მათ ბრიტანეთში წაიღეს.

ტომსონის ჩანაწერები მალის შესახებ მოკლეა და თან ახლავს ნიმუშის მცირე ესკიზი: ეს მხოლოდ ერთი ნივთია იმ დღეს ნაპოვნი ნამარხების გრძელ სიაში.

40 წლის შემდეგ, განმარხებული ძვლის ხელახლა ანალიზმა ცხადყო, რომ ის რაღაც გაცილებით საინტერესო იყო — ანტარქტიდაზე აღმოჩენილი დინოზავრის პირველი ძვალი.

და ის ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის არქივში შეუსწავლელი ინახებოდა 40 წელზე დიდხანს.

„რამდენიმე წლის წინ, როცა ეს ძვალი პირველად შევნიშნე ჩვენს კოლექციაში, ვიეჭვე, რომ ის დინოზავრის იყო“, — ამბობს ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის გეოლოგიური კოლექციებისა და ლაბორატორიების მენეჯერი, პალეონტოლოგი მარკ ევანსი.

ახლახან, ევანსმა და მისმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ ის „განსაკუთრებით იშვიათი“ ნიმუშია — კუდის ზედა ნაწილის ძვალი ზავროპოდისა, რომელიც ანტარქტიდაზე გვიანდელ ცარცულ პერიოდში ცხოვრობდა.

ანტარქტიდა დინოზავრებით ნამდვილად არაა ცნობილი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იქ ყველაზე ცოტა დინოზავრის ნამარხია აღმოჩენილი ყველა სხვა კონტინენტს შორის.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნამარხების პოვნის ჩვენი უნარი — ანტარქტიდის უმეტესი ნაწილი ყინულითაა დაფარული, რაც ასე არ იყო მეზოზოურ პერიოდში, როცა დედამიწაზე დინოზავრები არსებობდნენ.

აღმოჩენილია სულ 15 ძვალი, ყველა მათგანი ან კირკპატრიკის მთაზე, ან ჯეიმს როსის კუნძულზე; ორივე მათგანი ყინულისგან შედარებით თავისუფალია და ბევრია მოშიშვლებული ქანი.

თუმცა, ევანსისა და მისი კოლეგების მიერ აღმოჩენილი ნამარხი ანტარქტიდაზე ყველაზე ადრე ნაპოვნი ნიმუშია და ეკუთვნის ევტიტანოზავრების კლადს.

ამას გარდა, ის ანტარქტიდაზე ნაპოვნი ზავროპოდის მეორე ნამარხია.

ტიტანოზავრები ერთ-ერთი ყველაზე დიდი დინოზავრები იყვნენ მთელ დედამიწაზე, მაგრამ ეს კონკრეტული ნამარხი შედარებით პატარაა. სავარაუდოდ, ის ახალგაზრდა იყო.

მკვლევრებმა შეძლეს მისი ადგილის პოვნა დინოზავრთა ოჯახურ ხეზე; ამის საფუძველი გახდა ძვლის განსხვავებული ფორმა — ჩაზნექილი ჩაღრმავება ერთ მხარეს და შესაბამისი ამოზნექილი ზედაპირი მეორეზე.

ამ და სხვა შიდა სტრუქტურებზე დაყრდნობით, ევანსმა და მისმა ჯგუფმა ის ლითოსტროტინ ტიტანოზავრებს მიაკუთვნეს.

ჯერ არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რათა დადგინდეს მისი სახეობა, მაგრამ საოცრად ჰგავს არგენტინაში აღმოჩენილ გვიანდელი ცარცული პერიოდის სახეობა Muyelensaurus pecheni-ს.

მომავალში ამ ნამარხმა შეიძლება ცნობები მოგვცეს იმის თაობაზეც, როგორ გაიფანტნენ ცხოველები უძველეს ხმელეთის მასა გონდვანაზე, რომელზეც ანტარქტიდა მოქცეული იყო ავსტრალიასა და აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვედა ნაწილებს შორის.

ეს შემთხვევა კარგი მაგალითია იმისა, რომ ზოგჯერ, საუკეთესო სამეცნიერო აღმოჩენები უკვე ცხვირწინ გვიდევს.

„როგორც მაიკი ჩანაწერებიდან ირკვევა, მან იცოდა, რომ ძვალი დიდ რეპტილიას ეკუთვნოდა, მაგრამ ეს მხოლოდ 40 წლის შემდეგ დადასტურდა“, — ამბობს ევანსი.

კვლევა Acta Palaeontologica Polonica-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია bas.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი