ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ევროსაბჭოს დელეგაციებთან, მაგრამ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ევროსაბჭოს დელეგაციებთან, მაგრამ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ

არავის მიეცემა უფლება, კანონი დაარღვიოს, ან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებსა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

„განცხადებას და ჩემს პოზიციას რაც შეეხება, ასეთი მაღალი დონის ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს ერთი კონკრეტული პირი. ეს გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი გუნდის და ხელისუფლების ჩართულობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, ჩვენ მივიღოთ, უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სხვა ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რაიმე ფორმით დააზიანებს, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები ევროსაბჭოსთან მიმართებით, ამ დელეგაციებთან მიმართებით. ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ. არავის მიეცემა უფლება, ან კანონი დაარღვიოს, ან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას არ მოუპატიჟებია საქართველოში რუსეთის წარმომადგენლები, არამედ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან განსხვავებით პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მზადაა, ორგანიზაციის პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა.