ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულს ექსპერტიზა უტარდება
ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულს ექსპერტიზა უტარდება

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

როგორც ვახტანგ რობაქიძემ ექსპერტიზაზე შესვლამდე განაცხადა, მოხდება დადგენა, თუ რა ტიპის დაზიანებები მიიღო ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში.

„გუშინ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივეცი ჩვენება დაზიანებებთან დაკავშირებით. დაზიანება მაქვს ხელისა და მუცლის არეში. ეს მოხდა ერთი კვირის წინ. ახლა შევდივარ ექსპერტიზაზე. ექსპერტიზას მიტარებს ​სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. იმედია, გამოვლინდება ის დაზიანებები, რომელიც მომაყენეს ბაკურიანის განყოფილებაში. შევდივარ, რათა დადგინდეს ჩემი დაზიანება რაც მომაყენეს ჩემი დაკავების მომენტში. ერთმა ადამიანმა მომაყენა მუცლის არეში ხელით დაზიანება. მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებლად დავადგენთ იმ ადამიანის იდენტობას. შეურაცხყოფა ალკოტესტის ჩაბერვის გამო მომაყენა, ორჯერ ვცადე და არ გამომივიდა, ვერ შევავსე ის შკალა და ამის გამო გაღიზიანებულმა დამარტყა. პოლიციის განყოფილებაში ვიყავი და შესაბამისად, სამოქალაქო პირი ის ვერ იქნებოდა, მაგრამ სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული“, – განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ვახტანგ რობაქიძე წუხელ გამოიკითხა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ვახტანგ რობაქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პოლიციის განყოფილებაშ მიღებული დაზიანებების შესახებ.

შემთხვევა 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. შემთხვევის შედეგად შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა), მეორე მუხლის გ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ მუქარა) და 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა.