სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულის გამოკითხვა დასრულდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულის გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ვახტანგ რობაქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„კითხვები ეხებოდა საქმეს. ეხებოდა ჩემს დაზიანებებს, ჩემს მიერ სამართალდარღვევის ფაქტებს. დეტალურად გადავეცი ის ინფორმაცია და მასალები, რაც, ჩემი აზრით, საკმარისი უნდა იყოს, რათა ობიექტური გამოძიება დადგეს ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

მისივე თქმით, ხვალ, დილის საათებში ჩაუტარდება ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

„ასე რომ, დაველოდოთ, რა შედეგს მოგვცემს ექსპერტიზა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდე და მათზე დამოკიდებული, წინასწარ პროგნოზს მოლოდინებზე ვერ გავაკეთებ. იდენტიფიცირებული არ არიან. ახლა მე საუბარი აკრძალული მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, გამოვლინდება ეს ყველაფერი. ეს არ მჭირდება იმისთვის, რომ ვინმეს რაიმე სამაგიერო გადავუხადო. ეს მჭირდები ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. შევძლებ ამ ადამიანის ამოცნობას. სურათით შესაძლოა ვერა, მაგრამ ვიზუალურად შევძლებ“, – განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

შემთხვევა 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. შემთხვევის შედეგად შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა), მეორე მუხლის გ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ მუქარა) და 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა.

თავდაპირველად რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, მან სამდღიანი პატიმრობა უკვე მოიხადა.