ანრი ოხანაშვილისადმი მუქარაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
ანრი ოხანაშვილისადმი მუქარაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაკავებულ პირს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და რობაქიძეს გირაოს სახით 7 000 ლარის გადახდა დააკისრა.

დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ამასთან ადვოკატის თქმით, რობაქიძე ბოდიშს იხდის შეურაცხყოფაზე, რომელიც კონფლიქტში გადაიზარდა.

„ეს იყო პროტესტი ანრი ოხანაშვილის და მისი პოლიტიკური შეხედულებების მიმართ და არა მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა“, – განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, რობაქიძეზე ადვოკატის ინფორმაციით პოლიციის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა უკვე დაიწყო. ადვოკატმა როლანდ შონიამ ასევე მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და მისი აცილებაც მოითხოვა, რაზეც უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შემთხვევა 14 იანვარს ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოჯახთან ერთად ვახშმობდა. შემთხვევის შედეგად შსს–მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა ),მეორე მუხლის გ ქვეპუნქტით (აესრულწლოვანის მიმართ მუქარა ) და 239 მუხლით მიმდინარეობს რაც ხულიგნობას გულისხმობს. თავიდან რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, მან სამდღიანი პატიმრობა უკვე მოიხადა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა.