ანრი ოხანაშვილი - დესტრუქციული ოპოზიციური ჯგუფების სამიზნე გმირი პოლიციელები არიან, მათთვის მიუღებელია ადამიანი, რომელიც რადიკალურ მოწოდებებს არ ემორჩილება
ანრი ოხანაშვილი - დესტრუქციული ოპოზიციური ჯგუფების სამიზნე გმირი პოლიციელები არიან, მათთვის მიუღებელია ადამიანი, რომელიც რადიკალურ მოწოდებებს არ ემორჩილება

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციელების მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დესტრუქციული ოპოზიციური ჯგუფებისთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, ვინც მათ რადიკალურ მოწოდებებს არ ემორჩილება.

მისივე თქმით, პოლიცია დღეს ასოცირდება არა დასჯასთან, არამედ მართლწესრიგის და საზოგადოების უსაფრთხეოების დაცვასთან, კრიმინალთან შეუპოვარ ბრძოლასთან.

ოხანაშვილი ამბობს, რომ დესტრუქციული ჯგუფები სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციასა და პოლიციელებზე იერიშის მიტანას ცდილობენ.

„ამ ადამიანის განცხადება რომ არა მხოლოდ ამორალურია, მე მგონია, ის შემდგომი განცხადებებიც მოწმობს, რომელიც მთელმა რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა გააკეთეს. თუმცა ახლა რაც უნდა სცადონ, გაემიჯნონ ამ განცხადებას, ჩვენ ხომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ამ დესტრუქციული ჯგუფების ბელადი სააკაშვილი, ასევე საჯაროდ მოუწოდებდა, რომ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები პოლიციელების სახლებთან მისულიყვნენ და ისინი ემხილათ.

ეს იყო რეალურად მოწოდების შენიღბული ფორმა, რაც გუშინ ამ ადამიანმა გააჟღერა. სააკაშვილმა ეს პოლიტიკურად შეფუთა, თუმცა აღნიშნულ იდეას და უმძიმეს ჩანაფიქრს, რაც სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი ამ დესტრუქციულ ოპოზიციურ ჯგუფებს ამოძრავებთ, ამ ადამიანმა მისცა შემდგომი მსვლელობა. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და გმირი პოლიციელები არიან ამ ადამიანების სამიზნეები.

მათ არ მოსწონთ გმირი პოლიციელი, რომელიც ზრუნავს თითოეული ადამიანის, მათ შორის მათი და მათი ოჯახების, სრულიად საზოგადოების უსაფრხოებაზე. მათ არ მოსწონთ, რომ პოლიციელი წესრიგს უზრუნველყოფს. მათ არ მოსწონთ, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ხარისხი და ინსტიტუციური განახლების ფარგლებში პოლიციელების განვითარების ხელშეწყობა სრულიად სხვა დონეზე მოხდა. მათთვის ის ადამიანია მიუღებელი, რომელიც არ ემორჩილება იმ რადიკალურ მოწოდებებს, რა ზრახვებიც ამ ადამიანებს აქვთ. ამიტომ ლოგიკურია, რომ ეს ადამიანები მათი სამიზნეები იქნებიან. თუცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს პოლიციელი მოწოდების სიმაღლეზეა.

მათ დროს პოლიცია ასოცირებული იყო კრიმინალთან და სადამსჯელო რაზმებად ჰყავდათ გამოყენებული. ამიტომ ყველაფერს ცდილობენ, რომ ინსტიტუციურად მოახდინონ დისკრედიტაცია და პოლიციელებზე იერიშის მიტანა სცადონ. თუმცა ამას პოლიტიკურად შეფასება ექნება, ყველამ უნდა შეაფასოს. ეს არის ამორალური და არა მხოლოდ. დამატებით სამართლებრივ შეფასებაში არ შევალ, ეს უკვე შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით, ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ამასთან, ასლან ვაშაყმაძემ განმარტება გააკეთა.

დატოვე კომენტარი