ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვებას ცდილობდეს
ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვებას ცდილობდეს

ადგილი აქვს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, ყველამ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა „თიბისი ბანკის“ საქმეს მიეცეს მსვლელობა და დადგინდეს ჭეშმარიტება. ამასთან, აღნიშნა, რომ ყველა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს სამართალწარმოების განხორციელება.

„პირველ რიგში, ნამდვილად სასაცილოა კომუნიკაციების საუკუნეში იმით აპელირება, რომ თითქოს ასეთი უსტარის მეშვეობით ხდება ვიღაცის მიმართ ვითომდა მუქარა და შანტაჟი. ეს არის აბსურდი. ყოვლად მიუღებელია რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნა იმის გამო, რომ თუ ვიღაცამ გაბედა და განახორციელა აფიორა, რაც, რა თქმა უნდა, გამოძიების საგანია. აქედან გამომდინარე, ეს იღებს შოუს სცენარის სახეს.

ამ ქვეყანაში​ აფიორების დრო დასრულდა. სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს, რომ ყველა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს სამართალწარმოების განხორციელება და ფარატინა ქაღალდზე დაყრდნობით კომუნიკაციების საუკუნეში თურმე ასეთი ფორმით წარდგენილ თითქოსდა შანტაჟზე უნდა გამოვიდეთ და ვამტკიცოთ – რომ იცით რა, ვიღაცამ გაბედა თურმე მუქარა და შანტაჟი. ეს არის აბსურდის თეატრი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ თავი უნდა დაანებოს პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას და პოლიტიკურ ჭრილში ამ პროცესების გადაყვანას.

„შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლოს ყველამ, ვისაც აქვს სურვილი, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და დადგინდეს ჭეშმარიტება, რათა არა ფარატინა ქაღალდის ფრიალით, არამედ სამართლადამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესის ნორმალურ ჭრილში ფუნქციონირება, პოლიტიკური პროცესისგან დაცლა. ვხედავ, რომ ადგილი აქვს ერთი სუბიექტის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას, იმ შესაძლო აფიორის გამო, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამ საქმეში. ეს ასეა თუ არა, სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, არჩევნების წინ, მან ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. მისი თქმით, წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ხაზარაძე გუშინ საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. მისი თქმით, გამოკითხვაზე წერილის ასლი წარადგინა, ორიგინალი კი, ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. პროკურატურის ინფორმაციით, ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ, პრინტერზე დაბეჭდილ ე.წ. დოკუმენტს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნია.