ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადეს
ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადეს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების შესახებ ახალი ერთობლივი ინიციატივის შესახებ განაცხადეს.

შესაბამისი განცხადებები ორი ქვეყნის ლიდერებმა ბერლინში, დასავლეთ ბალკანეთის საკითხზე არაფორმალური სამიტის დაწყებამდე გააკეთეს. ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა რეგიონის ყველა ქვეყნის თანამშრომლობის საჭიროებაზე ისაუბრეს.

ამასთან, მაკრონის თქმით, საუბარია არა ევროკავშირის გაფართოების, არამედ რეგიონში სტაბილურობის პოლიტიკაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პოლიტიკა ოთხი მიმართულებით განხორციელდება: სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში და ასევე სამართლებრივ სისტემაში.

მაკრონის თქმით, გერმანიისა და საფრანგეთის მიზანი არ არის, პრიშტინასა და ბელგრადისთვის პრობლემის მზა გადაწყვეტილების მიწოდება. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, საჭიროა ამ საკითხზე ორ ქვეყანას შორის ნაკლებად ემოციური დისკუსიის წარმართვა.

შეგახსენებთ, 2018 წლის ბოლოს კოსოვოს პარლამენტმა რეგულარული არმიის შექმნას დაუჭირა მხარი, რასაც სერბეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვა. გეგმის თანახმად, უახლოესი 10 წლის განმავლობაში კოსოვოს უსაფრთხოების ძალების საფუძველზე უნდა შეიქმნას შეიარაღებული ძალები.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.