ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანიის კანცლერმა შეხვედრა პოლონეთის პრემიერთან, მატეუშ მორავეცკისთან გამართა. ლიდერებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის საკითხს შეეხო, რომლის მშენებლობა ორი დღის წინ დასრულდა და ექსპლუატაციაში ოქტომბრის დასაწყისში შევა. მერკელის თქმით, მიუხედავად გაზსადენის პროექტის დასრულებისა, უკრაინის, როგორც რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყნად დარჩენა, ევროპის ინტერესებში შედის.
გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ბელარუსს არალეგალი მიგრანტების ევროკავშირის საზღვარზე გადაშვების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბელარუსის პოლიტიკა ყოვლად მიუღებელია და მას ჰიბრიდული თავდასხმა უწოდა.
პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია ერაყელი, ავღანელი და სირიელი ლტოლვილებისთვის საზღვრის გახსნის გამო, მინსკს დესტაბილიზაციის მცდელობაში სდებენ ბრალს.