ანდრომედას გალაქტიკა ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
ანდრომედას გალაქტიკა ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

თუ მახვილი თვალი გაქვთ, უმთვარო ღამის ცაზე ჩრდილოეთის მიმართულებით აუცილებლად შენიშნავთ თეთრ, ბუნდოვან ლაქას. ეს დიდებული ანდრომედას გალაქტიკაა (M31).

ანდრომედა სპირალური გალაქტიკაა და მდებარეობს ჩვენგან 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. მიეკუთვნება გალაქტიკების გროვას, რომელშიც ასევე შედის ჩვენი ირმის ნახტომი და 30-მდე სხვა გალაქტიკა. ანდრომედას დიამეტრი დაახლოებით 220 000 სინათლის წელიწადია და შეიცავს დაახლოებით ტრილიონ ვარსკვლავს, რაც ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა ოდენობაზე ორჯერ მეტია.

სწორედ ეს შთამბეჭდავი ობიექტი მოხვდა საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში. კადრები ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან არის გადაღებული.

მეცნიერთა გათვლებით, დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის შემდეგ, ანდრომედა ჩვენს გალაქტიკას შეეჯახება და წარმოიქმნება ერთი გიგანტური ელიფსური გალაქტიკა, რომელსაც ასტრონომები „მილკომედას“ სახელით მოიხსენიებენ.


ამჟამინდელ გამოთვლებზე დაყრდნობით, ასტრონომები 50-პროცენტიან შანსს უშვებენ, რომ ამ შეჯახების შედეგად მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან ამჟამად დაშორებულ მანძილზე სამჯერ უფრო შორს გადაიტყორცნება. მათივე შეფასებით, 12 პროცენტია იმის ალბათობა, რომ შეჯახებისას მზის სისტემა ახალი გალაქტიკიდან საერთოდ გაიტყორცნოს და მის მიღმა აღმოჩნდეს. მეცნიერთა განცხადებით, მსგავს მოვლენას თავად მზის სისტემაზე არანაირი საზიანო ეფექტი არ ექნება. თუმცა, ცნობილია, რომ იმ დროისათვის, მზე უკვე სასიცოცხლო ციკლის მიწურულს, სიკვდილის პროცესში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 1tv.ge-ზე ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ასტროფოტოებს.

დატოვე კომენტარი