ანდრია ჯაღმაიძე - სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ძველი კომისიის მუშაობა არის მოღალატეობრივი
ანდრია ჯაღმაიძე - სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ძველი კომისიის მუშაობა არის მოღალატეობრივი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი კომისიის მუშაობას მოღალატეობრივს უწოდებს.

მისი თქმით, ოქმები, რომლებსაც აღნიშნული კომისიის მუშაობის დროს მოეწერა ხელი, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

„დავით გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები არიან ბოლო ათწლეულების მემატიანე, მათ შეუძლიათ, პირადპირ დღეების და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია. ძველი კომისიის მუშაობა არის მოღალატეობრივი, შეიძლება ასე შეფასება, გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს, ოქმები, რომლებსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში, მეტყველებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. მადლობა ღმერთს, რომ ბოლო ინსტანცია არ არის კომისიის გადაწვეტილებები. კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები მეზობელ სახელმწიფოს. რომ ყოფილიყო იგივე ნება ზედა ინსტანციებში, საბოლოოდ შეიძლება, დაკარგულიყო. თუმცა დღეს შესაძლებელი არის ამ კომისიის მიღებული ოქმებისა და გადაწყვეტილებების გადახედვა, რევიზია და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება“, – აღნიშნა ანდრია ჯარმაიძემ.

საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.

გარდა ამისა, 2 ოქტომებრს დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი კომისიის შემადგენლობასთან კითხვები თუ არსებობს, მათ ყველამ უნდა უპასუხოს.

მისი თქმით, ახალ მასალებში, რომლის საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, კარტოგრაფიული მასალების გარდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებია.

ასევე, 30 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა, რომ პროკურატურის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სამთავრობო კომისიის 2006-2007 წლებში მუშაობას ეხებოდეს.