დავით ზალკალიანი - დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი კომისიის შემადგენლობასთან კითხვები თუ არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს
დავით ზალკალიანი - დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი კომისიის შემადგენლობასთან კითხვები თუ არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს

დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი კომისიის შემადგენლობასთან კითხვები თუ არსებობს, ყველამ უნდა უპასუხოს მათ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახალ მასალებში, რომლის საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, კარტოგრაფიული მასალების გარდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებია.

„ანალიზმა მოგვცა ჩვენ ის აღმოჩენა, რომ ძალიან ბევრი მასალა, რომელიც ჩვენს პოზიციას გაამყარებდა, უბრალოდ არ არსებობდა, გამქრალი იყო. ამიტომ აქტიურად დავიწყეთ ამ მასალების ძებნა და ცოტა ხნის წინ მოვიძიეთ კიდეც. ძალიან კონკრეტული კარტოგრაფიული მასალებია და ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ძალიან საინტერესო დასკვნები. როდესაც ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისში იყო, მე მას ეს ამბავი გავუზიარე. ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც მოლაპარაკებებში ხარ შესული, ახლადაღმოჩენილი გარემოებების შესახებ უნდა უთხრა პარტნიორს, რომ შემდეგ ნორმალურად წარიმართოს პროცესი.

სამწუხარო იყო, რაც მერე ოპონენტებისგან ვიხილეთ. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, დეზინფორმაციის ნიაღვარი, ჩემ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს პროცესი ოპოზიციამ დაუკავშირა იმ დაძაბულობას, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის შორის შეიქმნა. მაშინ, როდესაც ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისში იყო, საერთოდ არ იყო ეს დაძაბულობა. დასკვნებს საზოგადოება თავად გამოიტანს. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივია.

ამ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. გამოძიება ჩვენი საშინაო საქმეა, საერთოდ  არ მინდა, ამ სამართლებრივ საკითხში შევიდე, ეს პროკურატურის თემაა. არც კი ვიცი, რა პროცესი მიდის და როგორ იძიებენ, მაგრამ თუ ძველი კომისიის შემადგენლობასთან კითხვები არსებობს, ყველამ უნდა უპასუხოს ამ კითხვებს, რადგან ეს ძალიან სერიოზული საქმე და პროცესია. ჩვენს სამართალდამცველ სტრუქტურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წყნარად გამოიძიონ ეს საქმე და ყველაფერს გაეცემა პასუხი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.