ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სამთავრობო კომისიის 2006-2007 წლებში მუშაობას ეხებოდეს
ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სამთავრობო კომისიის 2006-2007 წლებში მუშაობას ეხებოდეს

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული კომისია არაეფექტურად მუშაობდა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პროკურატურის მიერ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა, რომ პროკურატურის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის 2006-2007 წლებში მუშაობას ეხებოდეს.

კითხვაზე, რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებული ყოფილიყო 2006-2007 წლებში, რაც ამ საკითხს წინ წამოწევდა, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა: „ერთადერთი ვარაუდი, რაც შეიძლება იყოს, კომისიის მიერ დადებული დასკვნა, რომელიც საბოლოო არ არის, ეს დასკვნა შემდგომში რატიფიცირებული უნდა იქნეს ორივე ქვეყნის მიერ. შუალედური შეიძლება ეწოდოს ამ დასკვნას, შესაძლოა, საუბარია 2006-2007 წლებში კომისიის შიგნით მიღებულ რაღაც გადაწყვეტილებაზე“.

მისივე თქმით, კომისიამ ძალიან საეჭვო დასკვნები მიიღო.

„ვიდრე პროკურატურა გააკეთებდა განცხადებას, ჩვენ მთელი წელი კომენტარებში ვამბობდით, რომ წინა კომისია, რომელიც მადლობა ღმერთს, ახლა შეცვლილია, ძალიან საეჭვოდ მუშაობდა. იმ კომისიასთან არსებობდა შეკითხვები, რომ საეჭვო იყო ამ კომისიის მოტივაცია და საფუძვლები. ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზეც, რომ კომისიის შემადგენლობა იწვევს ძალიან დიდ ეჭვს და კომისიის გადაწყვეტილებები ქვეყნის საზიანოდ იქნა მიღებული. ჩვენთვის მტკივნეული საკითხია, რომ სიწმინდის გაყოფა მოხდა ასე წინასწარ შემუშავებული სასაზღვრო ხაზით. ჩვენი გულისტკივილია, რომ ვერ ვახერხებთ ვერც სასულიერო პირები და ვერც მრევლი მისვლას ჩვენს მონასტრებში“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.