ანდრეი შევჩენკო უკრაინელი გულშემატკივრებისა და ჩეხი პოლიციელების ჩხუბში ჩაერია
ჩეხეთსა და უკრაინას შორის ერთა ლიგის მატჩის შემდეგ, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებსა და ადგილობრივ პოლიციას შორის ჩხუბი ატყდა, – წერს უკრაინული გამოცემა “ობოზრევატელი“.
გამოცემის ცნობით, საფინალო სასტვენის შემდეგ, უკრაინელი ფანები მინდორზე შეჭრას ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციამ ძალის გამოყენებით მათი შეჩერება შეძლო.
პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, სხვა ფანები სექტორში დაბრუნებას ცდილობდნენ და რამდენიმე სავარძელი გატეხეს. კონფლიქტში ჩაერია უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო. ის გულშემატკივართა დაწყნარებას ცდილობდა.
“მოდით, არ გვინდა სიტუაციის დრამატიზება. ყველაფერი ნორმალურად მაქვს. ვცდილობდი მათ შეჩერებას, სიტუაციის გამოსწორებას. აქ არ არის არავის ბრალეულობა, ასე მოხდა. იმედია, ყველას გაუშვებენ და ყველაფერი კარგად იქნება”,- განაცხადა შევჩენკომ.