ანდრეი დემჩენკო - ერთა ლიგაზე ჯგუფის ფავორიტი უკრაინაა, საქართველოს ნაკრების სუსტი მხარე ცენტრალური მცველებია #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ერთა ლიგის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ B ლიგის პირველ ჯგუფში უკრაინის ნაკრები ჩეხეთის, საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
„ერთა ლიგაზე უკრაინა ძლიერ ჯგუფში მოხვდა – ოთხივე თანაბარი გუნდია. ალბანელებს, ჩეხებსა და ქართველებს შეუძლიათ, სიურპრიზი შემოგვთავაზონ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ფავორიტი უკრაინის ნაკრებია. კარგი მწვრთნელი გვყავს, გუნდი სერგეი რებროვის ხელში კიდევ უფრო ვითარდება. ეროვულ გუნდში ამჟამად ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების კარგი ნაზავია.
ჩემი აზრით, ჩეხეთი ყველაზე უხერხული მეტოქე იქნება, ალბანელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან, საქართველოს ნაკრებიც არ უნდა ჩამოვწეროთ. მოკლედ, ყველა მეტოქეს პატივს ვცემ, მაგრამ ამ ჯგუფში ყველაზე მაღალი დონის გუნდი უკრაინაა.
არის თუ არა მეოთხე კალათიდან საქართველო ყველაზე სასურველი მეტოქე? ბოლო კალათაში ყველაზე ძლიერი თურქეთის ნაკრები იყო. საქართველო, საბერძნეთი და ყაზახეთი დაახლოებით ერთი დონის გუნდები არიან. ყაზახეთი ახლა აღმავლობას განიცდის, გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომლის ხელმძღვანელობითაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაღალ დონეზე ითამაშა და ჯგუფიდან გასვილს შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს. პირადად მე არ მომწონს დაცვითი ფეხბურთი, რომელსაც გუნდს ვილი სანიოლი ათამაშებს – ფრანგმა სპეციალისტმა თავიდანვე 5-4-1 ან 5-3-2 ტაქტიკური სქემა აირჩია. სანიოლი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ნაკრების ცენტრალური მცველები უკვე ასაკში არიან და სათანადოდ სწრაფად ვერ თამაშობენ.
სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებს ძალიან ძლიერი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს, წინა ხაზში დიდებული ბიჭები თამაშობენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ უკრაინას საქართველოს ნაკრების დამარცხება შეუძლია. ჩემი აზრით, საქართველო საკუთარ საჯარიმოში „ჩაჯდება“, თავისუფალ ზონებს ჩაკეტავს და პოზიციური თამაში იქნება. უკრაინას ჰყავს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველო დიდ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველა მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ და მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელიაა. ასევე მინდა აღვნიშნო დავითაშვილი „ბორდოდან“ და მიქაუტაძე, რომელიც „აიაქსიდან“ იჯარით „მეცში“ გაუშვეს. ქართველებს კარგი გარემარბები ჰყავთ, მაგალითად, აზაროვი და გოჩოლეიშვილი, რომლებიც დონეცკის „შახტარში“ თამაშობენ და შეტევებში აქტიურად ერთვებიან. საქართველოს ნაკრების სუსტ მხარედ ცენტრალური მცველები მიმაჩნია – კვირკველია და კაშია უკვე 30 წელს გადაცილებულნი არიან და სისწრაფე აკლიათ.
ბათუმის „დინამოდან“ საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველს, ლადო მამუჩაშვილს სისტემატურად იძახებენ, ადრე გიორგი წიტაიშვილსაც იწვევდნენ – ისინი ბათუმის „დინამოს“ წამყვანი მოთამაშეები არიან. მამუჩაშვილი სტაბილური და ძლიერი ფეხბურთელია, არ მიკვირს, რომ ნაკრებში მუდმივად უხმობენ. ახლა იქ მის პოზიციაზე გოჩოლეიშვილი თამაშობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წელს მამუჩაშვილი მისთვის ძლიერი კონკურენტი გახდება, ის „დინამოში“ ჩვენს თვალწინ იზრდება.
წიტაიშვილს ხშირად უშვებდნენ სხვადასხვა გუნდში იჯარით, მაგრამ ახლა ჩვენთანაა და ძირითად შემადგენლობაში ხშირად თამაშობს, გიო ნიჭიერი ფეხბურთელია. შეიძლება ითქვას, რომ თავის ძველ სათამაშო ფორმას იბრუნებს. არ ვიცი, ნაკრების ბოლო მატჩებზე სანიოლმა რატომ არ გამოიძახა. შესაძლოა, მაშინ გუნდში უფრო ძლიერი მოთამაშეები იყვნენ ან მთავარმა მწვრთნელმა ჩათვალა, რომ არ იყო სათანადოდ მზად.
წამყვან საფეხბურთო ლიგებში ბევრი კარგი უკრაინელი ფეხბურთელია – ზაბარნი, მიკოლენკო, ზინჩენკო, მუდრიკი, იარემჩუკი, მალინოვსკი, ციგანკოვი, დოვბიკი, ტრუბინი, ლუნინი. უკრაინის ჩემპიონატშიც თამაშობენ კარგი ბიჭები – სუდაკოვი, მატვიენკო, სტეპანენკო. მიხაილო მუდრიკი „შახტარიდან“ „ჩელსიში“ გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ცდილობს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ახლა ჩვენს ნაკრებში შესანიშნავი თაობა მოდის, რომელთანაც ნებისმიერი მწვრთნელი სიამოვნებით იმუშავებს“, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.