საფეხბურთო ტაიმაუტი | ანდრეი დემჩენკო - ბათუმის „დინამო“ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ეს პლუსიცაა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ანდრეი დემჩენკო - ბათუმის „დინამო“ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ეს პლუსიცაა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ გუნდი ბევრმა მოთამაშემ დატოვა.

„სამი წელია საქართველოში ვმუშაობ და ზრდის დინამიკას ვამჩნევ. თუკი ადრე ჩემპინობისთვის მხოლოდ ორი „დინამო“ იბრძოდა, წელს ასეთი სამი გუნდი იყო. კონკურენცია იზრდება, ლეგიონერები ჩამოდიან, ფეხბურთელებს პროგრესი აქვთ და ჩემპიონატიც ვითარდება.

ჩემი წილი ბათუმის „დინამოს“ ჩემპიონობაში? იქ ჩემამდე გია გეგუჩაძე მუშაობდა, რომელმაც შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა და როდესაც ამ პოსტზე დავინიშნე, „დინამო“ პირველ ადგილზე იყო. ცვლილებების შეტანას ფრთხილად ვცდილობდი, რაც რთული იყო. ახლა კი საკმარისი დრო მაქვს, რომ გუნდში ჩემი ფილოსოფია დავნერგო.

ბევრ ფეხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდა და გუნდი დატოვა, ერთის მხრივ, ეს დადებითიცაა. ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ, რაც ფეხბურთელების შერჩევისას გარკვეული უპირატესობაა, რომ გუნდი კარგად დავაკომპლექტოთ, ისეთი მოთამაშეები შევარჩიოთ, რომლებიც კარგად ითამაშებენ ევროტურნირებზეც და ეროვნულ ლიგაშიც.

სეზონის დუბლით დასრულება კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩემპიონები ორი ტურით ადრე გავხდით და გუნდმა თითქოს მოტივაცია დაკარგა. „დინამო თბილისთან“ 2:6 წავაგეთ, მერე თასის ფინალში ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ამ მატჩებში ბიჭების სათანადოდ მოტივირება ვერ მოვახერხეთ.

გორის „დილადან“ წამოსვლას რაც შეეხება – კონფლიქტი ამოწურულია. კონტრაქტი დამიმთავრდა, გუნდი კი ჩემს ახალ პირობებს ვერ შეასრულებდა. ამ დროს კარგი წინადადება მივიღე და ჩემი კონტრაქტი გამოვისყიდე. „დილასთან“ თამაშის დროს ტრიბუნებიდან დოლარები მესროლეს, მაგრამ გიორგი ჯოხაძეს ამ კონფლიქტთან კავშირი არ ჰქონია.

შეუძლია თუ არა ბათუმის „დინამოს“ ევროტურნირზე წარმატებული გამოსვლა, ამის პროგნოზი რთულია. თამაშიდან თამაშამდე ვცდილობთ კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას. რესურსი ბევრს ნიშნავს. ზოგიერთი კლუბი მილიონებს ხარჯავს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ფული ყოველთვის მთავარ როლს არ თამაშობს, გადამწყვეტი მაინც იდეა და მოტივაციაა“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.