არჩილ ბერიძე - დემჩენკოს თქმით, ინტერვიუში მისი სიტყვები არასწორად არის ინტერპრეტირებული #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - დემჩენკოს თქმით, ინტერვიუში მისი სიტყვები არასწორად არის ინტერპრეტირებული #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა „სპორტკლუბში“, უკრაინულ მედიაში გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს ინტერვიუს გამოეხმაურა.

უკრაინელმა სპეციალისტმა „ჯვაროსნების“ მწვრთნელს, ვილი სანიოლს დაცვითი ტაქტიკა დაუწუნა, ხოლო გუნდის მთავარ პრობლემად „ასაკოვანი და ნელი დაცვის ხაზი“ დაასახელა. თუმცა, თავად დემჩენკო ამბობს, რომ მისი სიტყვები დაამახინჯეს.

„ვიცი, რომ ეროვნული ნაკრებების შესახებ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ უკმაყოფილება გამოიწვია. ამ საკითხის შესახებ ანდრეის პირადად ვესაუბრე და მივიღე დაპირება, რომ თავად გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.

ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრები მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა, რომ მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ, ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს“, – წერს არჩილ ბერიძე.

ანდრეი დემჩენკომ კი კომენტარი Geo Team-თან გააკეთა და თქვა, რომ უკრაინულ მედიაში მისი სიტყვები არასწორი ინტერპრეტაციით დაბეჭდეს.

„ამ ინტერვიუს საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მხრიდან საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის კრიტიკას ადგილი არ ჰქონია და ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებ. საქართველოს ნაკრები ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და სწორედ ამ ფეხბურთელების და პირადად ვილი სანიოლის დამსახურებაა ის, რომ გუნდი ბ დივიზიონში აღზევდა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. მინდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს ჩემი პატივისცემა დავუდასტურო და წარმატებები ვუსურვო“, – აცხადებს ანდრეი დემჩენკო.