ანანიძის მძიმე ტრავმების სია - ჯანო კარიერაში მეცხრედ დაისვენებს
ანანიძის მძიმე ტრავმების სია - ჯანო კარიერაში მეცხრედ დაისვენებს

ჯანო ანანიძე ლიტვასთან ამხანაგური შეხვედრის მეხუთე წუთზე დაშავდა. მას მუხლის ჯვარედინი მყესები დაუზიანდა.

25 წლის შემტევი ნახევარმცველი „სპარტაკში“ 2007 წელს ჩაირიცხა. პირველად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2009 წლის სექტემბერში იტალიელებთან (0: 2) ითამაშა. ერთ თვეში კი მოსკოვის „ლოკომოტივს“ გაუტანა და რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ დონეზე გაიტანა – მაშინ ჯანო 17 წლის იყო.

თუმცა ანანიძე, რომლითაც მაშინ ლონდონის „არსენალის“ მენეჯერი არსენ ვენგერი დაინტერესდა, ტრავმებმა არ დაასვენა. გამოცემა „სპორტ-ექსპრესმა“ დაითვალა, კარიერაში ქართველი ნახევარმცველი მძიმედ რამდენჯერ დაშავდა. აღსანიშნავია, რომ აქ შედარებით მსუბუქ ტრავმებზეა საუბარი.

2011, აპრილი – ტერფის პრობლემები;
2011, მაისი – კვლავ ტერფის პრობლემები;
2012, დეკემბერი – მუხლის დაზიანება;
2013, აპრილი – წვივის ძვლის ანთება;
2013, ნოემბერი – კუნთების პრობლემა;
2014, აპრილი – კუნთის გაწყვეტა;
2015, სექტემბერი – ტერფი დაზიანება;
2016, აგვისტო – ბარძაყის ტრავმა;
2017, სექტემბერი – ტერფის დაზიანება, რის გამოც მოედანს მხოლოდ წელს მარტში დაუბრუნდა.

ამავე დროს, ანანიძეს ექვს თვეზე მეტი არასდროს გაუცდენია. ახლა კი, როგორც ჩანს, სწორედ ასე მოხდება – დაახლოებით ამდენი დრო დასჭირდება ჯვარედინი მყესების აღდგენას, რეაბილიტაციას და მოედანზე დაბრუნებას.