ანანიძემ „სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა - მისი პრიორიტეტი ევროპაში თამაშია
ანანიძემ „სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა - მისი პრიორიტეტი ევროპაში თამაშია
მოსკოვის „სპარტაკი” და ჯანო ანანიძე კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. შედეგად საქართველოს ნაკრების 27 წლის ქართველ ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდა და ამავე დროს, კლუბისგან კომპენსაციას მიიღებს – ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა.
 
ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ „სპარტაკი” ქართველ მოთამაშეს 1,4 მილიონი ევროს გადაუხდის, რადგან არსებული ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში იწურებოდა. ანანიძე კლუბში 2009 წლიდან ირიცხებოდა და იჯარით ორჯერ გაუშვეს – ჯერ „როსტოვში”, ხოლო შემდეგ „კრილია სოვეტოვში”.
ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანო ანანიძე კარიერას არა თურქეთში, არამედ, ერთ-ერთ ევროპულ კლუბში გააგრძელებს. ქართველის მენეჯერმა, თემურ ლეფსაიამ განაცხადა, რომ ჯანოსთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია.
ჯანო „სპარტაკის” მადლიერია, რადგან გუნდში 11 წელი გაატარა. მას აქვს შემოთავაზებები, მათ შორის, რუსულ კლუბებიდანაც, მაგრამ ანანიძისთვის პრიორიტეტი ევროპაში გადასვლა, გადატვირთვა და გარემოს შეცვლაა” ამბობს ლეფსაია.