ანანიძე კარიერის დასრულებაზე - გაუთავებელი ტრავმები ძალიან დამღლელია, წასვლის დროა [ვიდეო] #1TVSPORT
ჯანო ანანიძემ პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გავრცელებული ხმები დაადასტურა – საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება 29 წლის ასაკში მიიღო და მომხდარზე კომენტარი გააკეთა.
„ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მივიღე. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად იყო მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. სინამდვილეში, გაუთავებელი და განუწყვეტელი ტრავმები ძალიან დამღლელი იყო. ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ტკივილი განვიცადე, ბევრჯერ ვყოფილვარ საოპერაციო მაგიდაზე. ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ მგონია, რომ წასვლის დრო იყო“, – დაწერა ანანიძემ სოციალურ ქსელში.
ჯანომ კარიერა მოსკოვის „სპარტაკში“ 2007 წელს დაიწყო. ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში 2009 წლიდან დააწინაურეს და კლუბში 10 წელი გაატარა, რომლის ფორმითაც რუსეთის ჩემპიონი და ქვეყნის სუპერთასის მფლობელი გახდა. ასევე იჯარით წავიდა „როსტოვში“ (სადაც მოიგო თასი) და „კრილია სოვეტოვში“.
კლუბიდან წასვლის შემდეგ ჯანომ კვიპროსულ „ანორთოსისთან“ გააფორმა კონტრაქტი, თუმცა მალევე დატოვა გუნდი და გადავიდა „როტორში“, სადაც ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და ხელშეკრულება გაწყვიტა. ბოლოს თამაშობდა „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოში“.
ჯანო ანანიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო 2009-2019 წლებში, რომლის მაისურითაც 45 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.