ანაკლიაში ყვებიან, რომ უკრაინის მოქალაქე ქალს ათივე ბავშვი დედას ეძახდა
ანაკლიაში ყვებიან, რომ უკრაინის მოქალაქე ქალს ათივე ბავშვი დედას ეძახდა

ათი უკრაინელი ბავშვის საქმეზე ანაკლიაში იმ სახლის მეპატრონე საუბრობს, რომელშიც რამდენიმე დღის განმავლობაში ქალი ათ ბავშვთან ერთად ბინას ქირაობდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სახლის მეპატრონემ განუცხადა, ბინაში ქალი ბავშვთან ერთად სამი დღის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი თქმით, ქალი ხშირად ტოვებდა ბავშვებს მარტო. როდესაც ისინი ტიროდნენ, ქალი სახლის მეპატრონეს ეუბნებოდა, რომ ეს მისთვის პრობლემა არ იყო. მათივე თქმით, ქალი ამბობდა, რომ ათი ბავშვიდან რამდენიმე ტყუპი იყო.

„ყველა ბავშვი დედას ეძახდა“, – უთხრა ანაკლიაში სახლის მეპატრონემ საქართველოს პირველ არხს.

უკრაინის მოქალაქე ქალი ბავშვების ტრეფიკინგს უარყოფს. „უკრაინიდან ბავშვებთან ერთად ჩამოვედი და ტრანზიტით სხვა ქვეყანაში მივდივართ. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ორ-სამ დღეში მოიხსნება. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. ათივე ბავშვი ჩემი შვილია, პოლიციასთან მათი ვინაობა უკვე დავაფიქსირე“, – აცხადებს უკრაინის მოქალაქე.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ არის მისი 10 მცირეწლოვანი შვილიდან ოთხი დაბადებული 2017 წელს, ქალმა აღნიშნა, რომ ისინი სუროგაციის გზით არიან გაჩენილი.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი დღეს შეიყვანეს. მოგვიანებით, ათივე მათგანი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, უკრაინელი ბავშვების საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებენ შსს-ში.