თეა ახვლედიანი ანაკლიის ბანაკში ახალგაზრდებს შეხვდა
თეა ახვლედიანი ანაკლიის ბანაკში ახალგაზრდებს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ანაკლიის ბანაკს სტუმრობდა. თეა ახვლედიანი ბანაკში 250-მდე ახალგაზრდას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მინისტრმა ახალგაზრდების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უწყების კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების მნიშვნელობის განმარტებას.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ახალგაზრდებთან ინტენსიური კომუნიკაციისა და ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისთვის მინიჭებული როლის გათვალისწინებით, თეა ახვლედიანმა ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის პერსპექტივებს და შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი“, – აღნიშნავენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

მათივე ცნობით, საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა ბანაკის მონაწილე 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში.

„ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ ამჯერად ანაკლიის ბანაკში შევხვდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილ ახალგაზრდებს, რომელთაც დეტალურად გავაცანით როგორც ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისა და ინტეგრაციის პრიორიტეტები, ასევე სამშვიდობო პროცესი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივებით. შედგა ძალიან აქტიური დისკუსია. ახალგაზრდებმა გამოხატეს დიდი ინტერესი ორივე მიმართულებით, რაც იყო ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი რეგულარული ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გაცხადებული პრიორიტეტია, რომ ხელი შევუწყოთ არსებული შესაძლებლობებისა და აქტუალური საკითხების თაობაზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მათი ჩართულობის გაზრდასა და როლის გაძლიერებას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.