შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან მოქმედებს, ყველა გადაწყვეტილება იმ პერსპექტივიდანაა მიღებული, როგორ ეხმარება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს
შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან მოქმედებს, ყველა გადაწყვეტილება იმ პერსპექტივიდანაა მიღებული, როგორ ეხმარება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება იმ პერსპექტივიდან არის მიღებული, თუ როგორ ეხმარება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესების პირველი დამცველი საქართველოს ხელისუფლებაა და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები.

„ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც საქართველოს ინტერესშია ყველა განზომილებით – ეკონომიკურშიც, პოლიტიკურშიც და უსაფრთხოებაშიც. გახსოვთ, რომ თავის დროზე „ნაცმოძრაობა“ რუსეთისთვის გაზსადენის მიყიდვას აპირებდა? მაშინ სწორედ ამერიკელი მეგობრების დახმარებით საქართველომ შეძლო, რომ ეს გაზსადენი ოკუპანტებისთვის არ მიეყიდათ. მაშინ „ნაცმოძრაობა“ გაზსადენს ოკუპანტს აძლევდა. სხვათა შორის, მაშინ სხვა ბერკეტებიც დაკარგეს. ანუ, თქვენი პოლიტიკური ჯგუფი ფიქრობს, რომ ჩინეთი საფრთხეა? თქვენ ფიქრობთ, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა? თუ ეს ოპოზიციის პოზიციაა და ისინი ფიქრობენ, რომ ჩინეთი საფრთხეა, ეს ხალხი ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს? ჩვენი ხელისუფლება ჩინეთთან დაკავშირებით დიდი ხანია მუშაობს. პარლამენტის საგარეო რეზოლუციაშიც არის, რომ ურთიერთობები გაგვეღრმავებინა. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტი გვაქვს. იმის გამო, რომ ჩინეთთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მასთან ურთიერთობას ვაღრმავებთ. ახლა აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია ფიქრობს, ჩინეთია საქართველოსთვის საფრთხე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, ანაკლია სახელმწიფო პროექტია და უმეტესი წილი სახელმწიფოსია, რაც ასეც იქნება.

„აქ რაიმე კითხვის ნიშნებიც არ არის, რომ ვინმეს შეიძლება, რაღაც გადასცეს და არ გადასცეს. რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციაში საფრთხეს ვერ ვხედავთ. პირიქით, მივესალმებით. ოპოზიციამ ოღონდ რაღაცაზე თქვას ცუდი და იმაზეც კი მიდიან, რომ ჩინეთზე საუბრობენ, როგორც საფრთხეზე, რაც არის უპასუხისმგებლობა. ჩვენს ოპოზიციას ვინ კარნახობს ამ მესიჯებს ყურში, არ ვიცი, მაგრამ მათი განცხადება, რომ ჩინეთი საფრთხეა, ქვეყნის ინტერესებში არ შედის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.