ათი უკრაინელი ბავშვის საქმეზე მათ დედას პოლიცია კითხავს
ათი უკრაინელი ბავშვის საქმეზე მათ დედას პოლიცია კითხავს

ათი უკრაინელი ბავშვის საქმეზე მათ დედას პოლიცია გამოკითხვას უტარებს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ქუთაისიდან იტყობინება, სადაც საავადმყოფოში ზუგდიდის კლინიკიდან ექვსი ბავშვი გადაიყვანეს. ქუთაისში იმყოფება მათი დედაც.

ქალი ბავშვების ტრეფიკინგს უარყოფს და აცხადებს, რომ „ყველა საბუთი წესრიგში აქვს, საქართველოდან კი მეუღლესთან, სხვა ქვეყანაში უნდოდა გადასვლა“.

„უკრაინიდან ბავშვებთან ერთად ჩამოვედი და ტრანზიტით სხვა ქვეყანაში მივდივართ. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ორ-სამ დღეში მოიხსნება. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ.

ათივე ბავშვი ჩემი შვილია, პოლიციასთან მათი ვინაობა უკვე დავაფიქსირე“, – აცხადებს უკრაინის მოქალაქე.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ არის მისი 10 მცირეწლოვანი შვილიდან ოთხი დაბადებული 2017 წელს, ქალმა აღნიშნა, რომ ისინი სუროგაციის გზით არიან გაჩენილი.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი დღეს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

ამასთან, უკრაინელი ბავშვების საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს.

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებენ შსს-ში.