ანა ბუჩუკური - ბორელის განცხადებები ჩვენს მიდგომას ემთხვევა, პოლარიზაციაზე პირველი პასუხისმგებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“, თუმცა იმ პარტიებსაც, რომლებიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ხელს უწყობენ რადიკალიზაციას
ანა ბუჩუკური - ბორელის განცხადებები ჩვენს მიდგომას ემთხვევა, პოლარიზაციაზე პირველი პასუხისმგებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“, თუმცა იმ პარტიებსაც, რომლებიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ხელს უწყობენ რადიკალიზაციას

პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციის ძირითადი წყარო „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ისეთ ეროვნულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის ევროინტეგრაცია, პოლიტიკური პარტიები ერთად დასხდნენ და სწორედ ამ გზავნილით გამოდიოდა პარტია „საქართველოსთვის“.

„როცა საკითხი ეხება პოლარიზაციას, ამ ქვეყანაში ამის ორი ძირითადი წყარო არსებობს – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა ეტაპზე ჩვენი გზავნილი იყო გაერთიანების თაობაზე. გაერთიანება იმას კი არ ნიშნავს, რომ უცებ, ყველა პარტიას ერთი და იგივე აზრი ჰქონდეს, ან ერთმანეთი შეგვიყვარდეს, მნიშვნელოვანია, ისეთ ეროვნულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური ინტერესები გადავდოთ და მაგიდასთან ერთად დავსხდეთ.

ჩვენი ამ პოზიციის გამო ოპოზიციის ნაწილი თავს გვესხმის, მაგრამ სწორედ ამ მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩავერთეთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ბორელის განცხადებები ჩვენს მიდგომას ერთი-ერთში ემთხვევა – პირველი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, თუმცა პასუხისმგებლობა აქვთ ასევე იმ პარტიებს, რომლებიც რადიკალიზაციას საკუთარი გადაწყვეტილებებით ხელს უწყობენ“, – განუცხადა ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: პოლარიზაციის დაძლევაზე როდესაც ვსაუბრობ, მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს“.

ამავე პრესკონფერენციაზე, დეპოლარიზაციაზე შეკითხვის საპასუხოდ, ბორელმა ასევე აღნიშნა: „შეგიძლიათ, დეპოლარიზაციაზე კითხვა დასვათ 30-ჯერ, მაგრამ იმავეს გიპასუხებთ – ეს ინკლუზიური პროცესია, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ჩაერთონ ამ პროცესში. ეს არის ისტორიული მომენტი და შესაძლებლობა“.