ჯოზეფ ბორელი - პოლარიზაციის დაძლევაზე როდესაც ვსაუბრობ, მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს
ჯოზეფ ბორელი - პოლარიზაციის დაძლევაზე როდესაც ვსაუბრობ, მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს

პოლარიზაციის დაძლევაზე როდესაც ვსაუბრობთ, მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბორელმა უპასუხა „რუსთავი 2“-ის შეკითხვას: „პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ მთავრობა მზად არის და მუშაობს, რომ თორმეტივე პრიორიტეტი დაკმაყოფილდეს. თქვენც ბრძანეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის პოლარიზაციის დაძლევა და პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. შესაძლებელია თუ არა ამ პრიორიტეტის შესრულება მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ჩართულობის გარეშე და რა იქნება თქვენი რჩევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მმართველი პარტიების მიმართ“.

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი.

„როგორც ვახსენე, ეს პროცესი არის ეროვნული ძალისხმევა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მთელმა საზოგადოებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში არის სრული ჩართულობა საზოგადოების მხრიდან. საუბარი როდესაც მაქვს პოლარიზაციაზე, ორ პოლუსზე ვსაუბრობ. საუბარი მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ყველა მოთამაშემ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.