ჯოზეფ ბორელი - შეგიძლიათ, დეპოლარიზაციაზე კითხვა დასვათ 30-ჯერ, მაგრამ იმავეს გიპასუხებთ, ეს ინკლუზიური პროცესია, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ჩაერთონ ამ პროცესში, ეს არის ისტორიული მომენტი და შესაძლებლობა
ჯოზეფ ბორელი - შეგიძლიათ, დეპოლარიზაციაზე კითხვა დასვათ 30-ჯერ, მაგრამ იმავეს გიპასუხებთ, ეს ინკლუზიური პროცესია, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ჩაერთონ ამ პროცესში, ეს არის ისტორიული მომენტი და შესაძლებლობა

არ ვაპირებ, გავაკრიტიკო საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა, ისტორიული მომენტი და ისტორიული შესაძლებლობა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დეპოლარიზაციაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, საჭიროა გარკვეული პოლარიზაცია, მაგრამ არა ზედმეტი ან ბევრად ნაკლები.

„მე მარტო იმის გამეორება შემიძლია, რაც უკვე ვთქვი, იგივე კითხვა შეგიძლიათ, დასვათ 30-ჯერ, მაგრამ მაინც იმავეს გიპასუხებთ, ეს არის ინკლუზიური პროცესი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას საქართველოში, რომ ჩაერთონ ამ პროცესში თანამშრომლობით, კეთილგანწყობით. პოლარიზაცია არ არის ექსკლუზიურად საქართველოსთვის დამახასიათებელი, ყველა ქვეყანაში გვინახავს, მაგრამ სამყაროში სწორი დოზით უნდა იყოს ყველაფერი. ზედმეტი პოლარიზაცია ხელს უშლის წინსვლას, დაბალი პოლარიზაცია ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი მთლად დემოკრატიულად არ მიმდინარეობს. ამიტომ, გარკვეული პოლარიზაცია გვჭირდება, მაგრამ ზედმეტი ან ბევრად ნაკლები არ გვჭირდება. დემოკრატია უნდა არსებობდეს და არ უნდა ხდებოდეს პროცესის შეფერხება. მე არ ვაპირებ, გავაკრიტიკო საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა, ისტორიული მომენტი და ისტორიული შესაძლებლობა“, – განაცხადა ბორელმა.