ამსტერდამში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

02:07, 18.01.2021

ნიდერლანდების დედაქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამსტერდამში პოლიციამ ორი ათასამდე დემონსტრანტის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

„თავისუფლება, შეაჩერეთ ეს ალყა“, „ჩვენ თავისუფლება გვსურს“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

პოლიციის მოწოდების მიუხედავად, დემონსტრანტებმა დაშლაზე უარი განაცხადეს და სამართალდამცველების წინააღმდეგ ე.წ. ფოიერვეკები გაუშვეს. დაპირისპირების შედეგად, პოლიციამ 100-მდე დემონსტრანტი დააკავა.

ვირუსის შესაკავებლად, გასული წლის დეკემბერში ნიდერლანდების ხელისუფლებამ სკოლები და მაღაზიების უმრავლესობა დახურა.

მსგავსი