ამსტერდამში 2030 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ნიდერლანდების დედაქალაქის მთავრობამ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიიღო.
ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ შემუშავებული გეგმა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად, 2020 წლიდან ამსტერდამში აიკრძალება 2005 წლამდე გამოშვებული დიზელზე მომუშავე მანქანების გადაადგილება. ამასთან, იგეგმება ელექტრომობილებისა და წყალბადზე მომუშავე მანქანების პოპულარიზაცია.
როგორც ინიციატივის ავტორები აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ ნიდერლანდების ბევრი მცხოვრები აქტიურად იყენებს გადასაადგილებლად ველოსიპედებს, ნიდერლანდებში ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა ევროპულ ნორმებზე მაღალია.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰაერის დაბინძურების ამჟამინდელმა დონემ შესაძლოა, გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაავადებები.