„ამნესტი ინტერნეიშენალი“ - მსოფლიოში სასიკვდილო განაჩენების აღსრულების რაოდენობა შემცირდა
„ამნესტი ინტერნეიშენალი“ - მსოფლიოში სასიკვდილო განაჩენების აღსრულების რაოდენობა შემცირდა

2018 წელს მსოფლიოს 20 სახელმწიფოში სიკვდილით დასაჯეს 690 ადამიანი, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 303-ით ნაკლებია. შესაბამის ანგარიშს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ ავრცელებს

როგორც ორგანიზაციის გერმანიის განყოფილების გენერალურმა მდივანმა, მარკუს ბეკომ აღნიშნა, ამჟამად 142 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აკრძალულია. 1987 წელს ასეთი ქვეყნების რაოდენობა მხოლოდ 69 იყო.

უფლებადამცველების მონაცემებით, სასიკვდილო განაჩენების აღსრულების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს. თუმცა ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციას ზუსტი მონაცემები არ აქვს. „ამნესტი ინტერნეიშენალში“ ვარაუდობენ, რომ ჩინეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

2018 წელს ირანში 253 სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა, საუდის არაბეთში – 149, ვიეტნამში – 85, ერაყში კი – 52. ამასთან, უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ირანში სიკვდილით დასჯა იმ პირებსაც ემუქრებათ, რომლებიც სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის დროს არასრულწლოვნები იყვნენ.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ გერმანიის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ზოგჯერ სასიკვდილო განაჩენი გამოტანილია წამების შედეგად და უსამართლო სასამართლო პროცესების დროს მიღებული ჩვენებების საფუძველზე.