ამირან გამყრელიძე - ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ რაც თქვა, არის გლობალური გამოწვევა, რომელმაც განსაკუთრებით ​კოვიდპანდემიის დროს იჩინა თავი
ამირან გამყრელიძე - ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ რაც თქვა, არის გლობალური გამოწვევა, რომელმაც განსაკუთრებით ​კოვიდპანდემიის დროს იჩინა თავი

ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ რაც თქვა, არის გლობალური გამოწვევა, რომელმაც განსაკუთრებით ​კოვიდპანდემიის დროს იჩინა თავი, ეს არ არის ქართული ფენომენი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიოს ყველა საავადმყოფოს აქვს ინფექციის კონტროლის პრობლემები.

„სიკვდილიანობის ზრდა დაახლოებით ორი-სამი კვირით ჩამორჩება ხოლმე ახალ შემთხვევებს. ანუ პროპორციული დამოკიდებულება არის ახალ შემთხვევებსა და სიკვდილიანობას შორის, მაგრამ სიკვდილიანობა, როგორც წესი, დაახლოებით ორი-სამი კვირით ჩამორჩება. მაგალითად, თუ სამი კვირის წინ გქონდა 4 000 – 5 000 შემთხვევა, სიკვდილიანობის ზრდას მოგცემს შემდგომ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს.

ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ რაც თქვა, ეს არის გლობალური გამოწვევა და რომელმაც განსაკუთრებით თავი იჩინა კოვიდპანდემიის დროს. ეს არ არის ქართული ფენომენი. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ახლად წარმოშობილ ვირუსულ დაავადებებთან ერთად, არის კიდევ მეორე – ანტიმიკრობული რეზისტენტობა, როდესაც ანტიბიოტიკები ვეღარ მოქმედებენ ჩვეულებრივად გავრცელებულ შტამებზე. ეს გლობალური პრობლემაა. ამან განსაკუთრებით თავი იჩინა მასობრივი ინფიცირების დროს, როგორიც გახლავთ კოვიდი. კოვიდით ამ ორ წელიწადში 280 მლნ ადამიანი დაინფიცირდა და 5.4 მლნ სამწუხაროდ გარდაიცვალა.

მსოფლიოს ყველა საავადმყოფოს აქვს ინფექციის კონტროლის პრობლემები. ზოგიერთი საავადმყოფოები გარკვეულ ეტაპზე მალავდნენ ინფექციის კონტროლთან და ნოზოკომიურ ინფექციებთან დაკავშირებით რეპორტინგს, რომელიც აუცილებელი რეპორტინგია სამედიცინო სტატისტიკაში. მაგრამ შემდგომ, როდესაც მათ აეხსნათ, რომ არ იქნებოდა დასჯის საგანი, პირიქით, იქნებოდა უფრო მეტი მუშაობის საგანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ​ნოზოკომიურ ინფექციებთან და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ გადამზადებას ახორციელებს.

„ქართულად ითარგმნა და გამოიცა ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელო, ე.წ. სენფორდის გაიდი, რომელიც ყველასთვის ჯიბის სახელმძღვანელოა, როგორ, რა დროს რომელი ანტიბიოტიკი უნდა დანიშნო, ან როგორი უნდა იყოს ინფექციის კონტროლის საწინააღმდეგო ღონისძიებები თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში. გეტყვით, რომ ამას როლი აქვს და გარკვეულად პანდემიის პერიოდში, ეს როლი კიდევ უფრო გამძაფრებულია, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი, ვინც სამწუხაროდ, კოვიდით იღუპება, რომ ეს არის ინფექციის კონტროლის ბრალი, ეს ასე არ არის.

ემპირიულად თქმა გამიჭირდება. თუ არ მაქვს შესაბამისი მტკიცებულებები, ვერ ვიტყვი ციფრს, მაგრამ ეს პროცენტი რომ მომატებულია პანდემიის დროს, როდესაც დატვირთვა იზრდება საავადმყოფოებზე, განსაკუთრებით რეანიმაციებზე და როდესაც ჩვენი კოლეგები საკმაოდ გადაღლილი არიან ამ ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მას თავისი როლი აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, ყველაზე წამყვან კლინიკებში ნოზოკომიური ინფექციების პროცენტი საშუალოდ 5-დან 10 პროცენტამდე უნდა მერყეობდეს.

„კლინიკების ე.წ. ვარსკვლავიზაცია რომ ხდება, როდესაც ფასდება კლინიკების ხარისხის კონტროლი, აქ ერთ-ერთი მთავარია, თუ როგორია პროცენტი ამ კლინიკაში ნოზოკომიური ინფექციების. ყველაზე დიდ წამყვან კლინიკებში საშუალოდ ის უნდა მერყეობდეს 5-7, მაქსიმუმ 10 პროცენტის ფარგლებში. კლინიკა არ არის, სადაც ნული პროცენტია. თუ კლინიკა გეუბნებათ, რომ ნოზოკომიური ინფექციების ნული პროცენტი მაქვს, ნიშნავს, რომ ის გატყუებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ 26 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვა ჰოსპიტალური ინფექციები ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი“.

დატოვე კომენტარი