ამერიკული მედია - ბითაძე იმედების გამართლებას იწყებს #1TVSPORT
ამერიკული მედია - ბითაძე იმედების გამართლებას იწყებს #1TVSPORT

გოგა ბითაძის მეორე წელი NBA-ში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დადებითად უნდა შეფასდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნეიტ ბიორკგრენი ქართველ ახალგაზრდა ცენტრს, არც თუ ისე დიდ სათამაშოს დროს აძლევს, ის თავის მაქსიმუმს აკეთებს და გუნდის გამარჯვებებში თითქმის ყოველთვის დიდი წვლილი შეაქვს.

ბითაძის კარგი თამაში უკვე დიდი ხანია ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად IndyStar-მა მას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სათაურით – გოგა ბითაძე, როგორც დრაფტის პირველი ტურის არჩევანი, იმედების გამართლებას იწყებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„სეზონში, სადაც „ინდიანასთვის“ ყველაფერი ცუდად მიმდინარეობს, დაწყებული ტი ჯეი უორენის ტრავმით, რომლის გამოც ის მთელ სეზონს გამოტოვებს, დამთავრებული კარის ლევერტის ოპერაციით, ერთ-ერთი ნათელი წერტილი გოგა ბითაძის მეორე წელია NBA-ში, რომელიც, როგორც დრაფტის პირველი ნომრის არჩევანი, იმედების გამართლებას იწყებს.

21 წლის ბითაძემ თავისი თავი იპოვა და ნეიტ ბიორკგრენისთვის როტაციის მოთამაშე გახდა. ფეხის ტრავმებმა მას ორლანდოში ჩატარებული „ბაბლის“ დროს თამაშში ხელი შეუშალა და ამ სეზონის პირველი 12 მატჩის გამოტოვებაც მოუწია.

თავიდან ის არ იყო თავის თავში დარწმუნებული, არ იცოდა როდის სად უნდა მდგარიყო და როგორ უნდა დაეყენებინა ბლოკები, მაგრამ ახლა ის „პეისერსის“ ერთ-ერთი ყველაზე ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა.

მოწინააღმდეგეები ნელ-ნელა სწავლობენ, რომ როცა მაილს ტერნერი სათადარიგო სკამზეა, მათ მაინც არ შეუძლიათ ცენტრიდან შესვლა, რადგან ბითაძე იქ იქნება. არასასურველი ჯარიმები მისი უარყოფითი თვისებაა, მაგრამ ეს დისციპლინითა და მეტი თამაშით შეიძლება გამოსწორდეს.

„მე უფრო მეტს ვმოძრაობ. უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და ვიცი როდის სად უნდა ვიყო. თამაშის მომენტებს უფრო სწრაფად ვკითხულობ, ვიდრე აქამდე ვკითხულობდი“, – აღნიშნა ბითაძემ, რომელიც საშუალოდ მატჩში 8.2 ქულას აგროვებს და თამაშიდან 56 პროცენტს ზუსტად ისვრის. მას ბოლო 7 შეხვედრაში 11-დან 5 სამქულიანი აქვს ჩაგდებული და საშუალოდ 4.9 მოხსნა აქვს შესრულებული.

წინა კვირას „მაიამისთან“ წაგებულ შეხვედრაში, ბითაძემ ჯერ გეიბ ვინსენტი აიძულა ბურთი კალათისთვის აეცილებინა, შემდეგ დანკან რობინსოს შეუშალა ხელი სამქულიანის სროლაში, მან ასევე წინააღმდეგობა გაუწია ანდრე იგუადალას, რომელიც ფარქვეშ შესვლას ცდილობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბურთი კალათს ააცილა და ბოლოს ტაილერ ჰიროსაც არ აცადა ბურთის ჩაგდება.

პეისერსს“ „სან ანტონიოსთანმატჩამდე ზედიზედ 3 მატჩი ჰქონდა წაგებული და ამ შეხვერაში დომანტას საბონისი, მალკოლმ ბროგდონი და ჯერემი ლემბი არ ჰყავდა, მაგრამ ედმონდ სამნერის, აარონ ჰოლიდეის, კელან მარტინის, ჯაკარ სემფსონისა და გოგა ბითაძის სოლიდური თამაშის წყალობით გუნდმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

„ერთადერთი რასაც ვფიქრობ, როცა პარკეტზე გავდივარ არის ის, რომ ვირბინო და მივიღო უპირატესობა. რაც უფრო მეტი სათამაშო დრო მაქვს, უფრო კარგად ვთამაშობ“, – ამბობს ბითაძე.

ჯასტინ ჰოლიდეის NBA-ის მე-8 სეზონში დიდი როლი აქვს. თავიდან არც თუ ისე ბევრ სათამაშო დროს იღებდა, მაგრამ ახლა ხშირად იწყებს სასტარტოდან. უორენის არ ყოფნაში ის 39-ჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.

„გოგა თამაშებში თავის ადგილს პოულობს, რაც ძალიან ძნელია, როდესაც ხარ ახალგაზრდა და განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი სადებიუტო წელია. მაგრამ მისთვის ამ სეზონში ეს უფრო მარტივი აღმოჩნდა“, – საუბრობს ჰოლიდეი ბითაძეზე.

ბითაძე არ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც ბურთს ერიდება ან რომელმაც არ იცის სად გადაადგილდეს, როცა მოთამაშე ბურთით ხელში იჭედება.

„ბევრს არ ვთამაშობდი და ჩემთვის ძალიან რთული იყო თამაშის სიჩქარეზე ყოფნა“, – ისაუბრა ბითაძემ ადაპტაციის პერიოდზე, – „სტადიონზე ვინებიც თამაშობენ, უკვე გახურებულები არიან და როდესაც სათამაშოდ გადიხარ შენ მათ ჭკუით უნდა აჯობო“.

ის უფრო თავისუფლად თამაშობს და სროლის არ ეშინია. რუდი გობერს, რომელიც „იუტა ჯაზის“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია, ბითაძის წინააღმდეგ დაპირისპირება 7 თებერვალს მოუწია.

ბითაძე მას ფარისგან შორს ამყოფებდა და პოზიციისთვის ბრძოლებსაც უგებდა. ის ზუსტად იგივეს აკეთებდა ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგაც 15 მარტს.

თუ ბითაძე ბოლო შვიდ შეხვედრაში საშუალოდ 36 წუთი ითამაშებდა, მაშინ პროპორციულად ის საშუალოდ 20.8 ქულას (იმ შემთხვევაში თუ 56%-ს ზუსტად ჩააგდებდა), 14.7 მოხსნას და 2.7 დაფარებას დააგროვებდა და მეტოქის წინააღმდეგაც 7.8-ჯერ დაჯარიმდებოდა.

ბითაძე ჯერ არ არის საბოლოო პროდუქტი, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ „პეისერსი“ არ შემცდარა, როცა 2019 წელს მე-18 ნომრად აირჩიეს. ის ფარქვეშ ტერნერზე უფრო ძლიერია და საბონისზე უფრო მობილური და ჩქარია.

იმ შემთხვევაში თუ ტერნერი ან საბონისი ოთხ პერსონალურს აიღებს, „პეისერსს“ შეუძლია აღარ ინერვიულოს.

საბონისმა ფეხის ტრავმის გამო შესაძლოა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს და დიდი ალბათობით, ბითაძეს უფრო მეტი შანსი ექნება.“